მიმდინარე წლის პირველ პირველ კვარტალში ინვესტიციები შემცირდა
მიმდინარე წლის პირველ პირველ კვარტალში ინვესტიციები შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის პირველ კვარტალში 279.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია. 2017 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი  416,4 მილიონი აშშ დოლარი იყო.

საქსტატში ინვესტიციების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. კერძოდ, საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში რამდენიმე საწარმოს გადასვლა, ასევე არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

2018 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა – 82,7 მილიონი აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 51 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე ჩინეთი – 41,6 მილიონი აშშ დოლარი. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის პირველ კვარტალში 78.7 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 110.6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.6 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი – 69.1 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 40.2 მილიონი აშშ დოლარით.