მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ 5.3 პროცენტით გაიზარდა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ 5.3 პროცენტით გაიზარდა

2018 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 150,2 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4,3 პროცენტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა  – 13,4 პროცენტი, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა  – 13,4 პროცენტი, სამთო მოპოვებითი მრეწველობა  – 11,4 პროცენტი, სასტუმროები და რესტორნები  – 10,9 პროცენტი, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება  – 10,0 პროცენტი, საფინანსო საქმიანობა  – 9,1 პროცენტი, მშენებლობა  – 8,7 პროცენტი, დამამუშავებელი მრეწველობა  – 6,6 პროცენტი, განათლება  – 5,2 პროცენტი, ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი  – 5,1 პროცენტი.

კლება დაფიქსირდა: შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავება (-3,0 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-2,2 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16,9 პროცენტი) და მრეწველობა (16,6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,3 პროცენტი), მშენებლობა (8,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (7,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,7 პროცენტი).