მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ორჯერ მივა
მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ორჯერ მივა

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მიმდინარე კვირა სასესიოა.

საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში ორჯერ ეწვევა. გიორგი გახარია 27 მაისს დეპუტატებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ ანგარიშს საკუთარ ინიციატივით წარუდგენს. ბოიკოტის მიუხედავად, სხდომაში მონაწილეობას აპირებენ ოპოზიციური ფრაქციები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. 29 მაისს კი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივა. მას „ნაციონალური მოძრაობა“ იბარებს. დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია. ამასთანავე, როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაური პარლამენტს ივნისის დასაწყისშიც ესტუმრება. ამჯერად გიორგი გახარია მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მოკლე პერიოდში სამჯერ ესტუმრება პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ოპონენტების ყველა კითხვასა თუ ბრალდებას გასცემს პასუხს.

„პრემიერ-მინისტრი 27 მაისს იქნება პარლამენტში. საკითხები მართლაც ბევრია „კოვიდ-19“-ის გავრცელების მართვასთან, პრევენციასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და აქ არა მარტო ეკონომიკის გეგმაა, ჯანდაცვის თემაა და პრაქტიკულად დარგი არ დარჩენილა, რომელზეც საუბარი არ შედგება. რამდენიმე შეკითხვა აქვს ასევე მიღებული ჩვენი ოპონენტებისაგან. ამ თემაზეც სამი დღის შემდეგ იქნება მისი პასუხები, კვლავ პარლამენტში მოვა. აქვს კიდევ გეგმური ანგარიში პარლამენტის წინაშე. ასე რომ, მოკლე ხანში სამჯერ გვეწვევა პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტური პარტიების განცხადებებს, შეძახილებს, ბრალდებებს, რა საკვირველია, ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოება უკეთ უნდა იყოს ინფორმირებული, თუ სად დევს ის ბოროტება, რასაც ჩვენი ოპონენტი ზოგიერთი პოლიტიკური პარტია გეგმავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი სტაბილურობის წინააღმდეგ და რაში მდგომარეობს დესტრუქციის არსი. ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია და თავად გააკეთებს დასკვნებს, რომელიც აუცილებლად გამოადგება ოქტომბრის არჩევნების დროს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტი აქტიური იქნება კანონშემოქმედებითი კუთხითაც. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალო განხილვები. მოსახლეობასთან შეხვედრები უსაფრთხოებიდან გამომდინარე კვლავ ონლაინფორმატში წარიმართება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების რესურსი არსებობს და ივნისის ბოლოსთვის ცვლილებები ასახული იქნება როგორც კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო კოდექსში. ფრაქციები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კი მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა არ ექნება.