მილი მეჯლისი - აზერბაიჯანის საელჩოზე მზაკვრულ თავდასხმაზე მთელი პასუხისმგებლობა ირანულ მხარეზეა, მოვითხოვთ დეტალურ და სიღრმისეულ გამოძიებას
მილი მეჯლისი - აზერბაიჯანის საელჩოზე მზაკვრულ თავდასხმაზე მთელი პასუხისმგებლობა ირანულ მხარეზეა, მოვითხოვთ დეტალურ და სიღრმისეულ გამოძიებას

აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის გამო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. როგორც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ირანული მხარის განმარტებას თავდასხმის პირად მოტივებთან დაკავშირებით.

ამასთან, აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანო მომხდარის დეტალურ და სიღრმისეულ გამოძიებას მოითხოვს.

„მთელი პასუხისმგებლობა ამ მზაკვრულ თავდასხმაზე ირანულ მხარეზეა. მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ფართოდ გავრცელდა ცილისწამებისა და დაშინების კამპანია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, პრევენციული ზომების მიღება აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე შესაძლო თავდასხმის აღსაკვეთად, ირანული სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში უნდა ყოფილიყო. არადამაკმაყოფილებლად მივიჩნევთ ასეთი სასტიკი თავდასხმის მიზეზების შესახებ ირანის განცხადებებს. მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის დეტალურ და სიღრმისეულ გამოძიებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.