მილანში ეუთო-ს მინისტერიალი გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული დელეგაცია დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით 
მილანში ეუთო-ს მინისტერიალი გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული დელეგაცია დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით 

მილანში დღეს ეუთო-ს მინისტერიალი გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, საქართველო შეხვედრას გამოიყენებს იმისთვის, რომ ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში ადეკვატურად იყოს შეფასებული.

„ეუთო-ს მინისტერიალზე უკვე წლებია, რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო, ვერ ხერხდება საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება, რადგანაც ეუთო-ში მოქმედებს კონსენსუსის პრინციპი. თუ ერთი ქვეყანა წინააღმდეგია, გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ამიტომ მუდმივად, ჩვენ გვიხდება ამ პრობლემასთან გამკლავება.

უკვე რამდენიმე წელია გვაქვს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ფორმატი, სწორედ ამ ჯგუფში ვცდილობთ, რომ ჩვენთვის აქტუალური საკითხების შეფასება მოხდეს და ბუნებრივია, წელსაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობა არის განხორციელებული. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ იქნება მიღებული შესაბამისი დეკლარაცია, განცხადება, სადაც ყველა ეს პრობლემა იქნება ადეკვატურად ასახული”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

6-7 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში. პლენარული სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა.

საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სუამის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, გაიმართება სუამი-კანადის შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ კანადა-სუამის ფორმატის შეხვედრა პირველად იმართება.

დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს, ODIHR-ის დირექტორს დინგიბიორგ გისლადოტირის და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს რუდოლფ მიხალკას, ჯიჰან სულთანოღლუს და ტოივო კლაარს.