მილანში აქციის ექვსი მონაწილე დააკავეს, აქციის ორგანიზატორებს პრემიერმა ჯორჯია მელონიმ იტალიის მტრები უწოდა
მილანში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს პოლიციამ აქციის ექვსი მონაწილე დააკავა.
ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც მედია იტყობინება, იტალიის ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რათა გაეპროტესტებინათ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის საცხოვრებელი ხარჯები, ზამთრის ოლიმპიური თამაშების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი და აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების იტალიაში ყოფნა.
დემონსტრანტების გარკვეული ჯგუფი პოლიციელებს ქვებსა და პიროტექნიკას ესროდა. პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
აღნიშნულს გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, რომელმაც ოლიმპიადის წინააღმდეგ გამოსულ აქციის მონაწილეებს იტალიის მტრები უწოდა. მისი თქმით, ამჟამად ათასობით იტალიელი შრომობს ოლიმპიადის შეუფერხებლად ჩატარებისთვის.
„ბევრი მოხალისეა, რადგან სურთ, მათმა ქვეყანამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს. ასევე არიან ასეთებიც: იტალიის მტრები, იტალიელები, რომლებიც დემონსტრაციებს ატარებენ ოლიმპიადის წინააღმდეგ. ეს სურათები მთელ მსოფლიოში ტელევიზიის ეკრანებზე ხვდება“, – განაცხადა მელონიმ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, სოლიდარობას უცხადებს სამართალდამცავ ორგანოებს.