მიხეილ ყაველაშვილმა „ლელოს“ მიმართა - „ნაცმოძრაობასთან“ მიტმასნილები კარგავთ ხმებს, ხომ უნდა გააკეთოთ ანალიზი, ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხეთ, თუ გინდათ ჯანსაღი კონკურენცია
არჩევნებში იყო ჩვეულებრივად, გამარჯვებაზე ზრუნვა და ყველას გილოცავთ, ვულოცავ ჩვენს გულმხურვალე გულშემატკივრებს, ამომრჩევლებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
„მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და როცა გაიმარჯვებ, წესია ასეთი, რომ ზეიმობ კიდეც“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა.
„ორჯერ მაქვს ნანახი, როცა დამარცხებული – ეს იყო ჩრდილოეთ კორეის ნაკრები 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, ორით ერთი დამარცხდა ბრაზილიასთან და ჩრდილოეთ კორეაში წარმოაჩინეს ისე, რომ გაიმარჯვა ჩრდილოეთ კორეამ ბრაზილიასთან. ამას მთელ ქვეყანაში ზეიმობდნენ. აი, ამ ადამიანებს მინდა, შეგადაროთ „ნაციონალური მოძრაობა“. გამოსული ხართ და თქვენ ზეიმობთ გამარჯვებას.
„ლელო“ – არ მინდოდა „ლელოს“ წარმომადგენლებზე საერთოდ რამე მეთქვა, მაგრამ 2% მიიღეთ, ჩემო ძვირფასებო, შალვა პაპუაშვილმა გითხრათ, 2020 წლის მერე რამდენი ხმა დაგაკლდათ. 2%-იანი წარმომადგენლობა ჭკუას გვიკითხავს პარლამენტში და გინდათ, ამ აღქმებით ასულდგმულოთ საზოგადოება. ამას ვერ მიიღებთ.
მთავარი, ჩვენს ამომრჩეველს მინდა, მივულოცო, რომელმაც ბევრი იშრომა რომ ეს შედეგი დამდგარიყო. დიახ, სწორედ ჩვენ ვართ გარანტი, რომ ვერასოდეს ვერ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში. დიახ, მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის ციხეში. ის 2012 წლამდე, რა დანაშაულები ჩაიდინა ამ საშინელმა ძალამ, თუ რამე არსებობს კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის მიმართ განსახორციელებელი დანაშაული, ყველაფერი გააკეთეს. მოკლეს ქუჩაში ახალგაზრდები, წაართვეს ქონება, გააუპატიურეს მამაკაცები და ეს ძალა, რომელიც კიდევ დღეს არსებობს და ვინც ახლა მიტმასნილი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არ გრცხვენიათ? იმ ძალებს, 14 აქ ხართ წარმოდგენილი, ვისაც კოალიცია გინდათ შექმნათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არ გრცხვენიათ? როგორ გინდათ ამ ძალასთან ურთიერთობა.
ერთადერთი ძალა ვართ „ქართული ოცნება“, რომელიც ამას ებრძვის. სამწუხაროა, რომ მეორე ადგილზეა „ნაციონალურ მოძრაობა“, მაგრამ იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ნებისმიერ დროს დავამარცხებთ. რჩევას მოგცემთ, რომ ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხეთ, იმ ფაქტებს ვერ უარყოფთ, როგორ გინდათ, წაშალოთ. ზრდასრული ადამიანები ბრძანდებით, თქვენც უყურებდით, როგორ იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორ გინდათ ეს დაივიწყოთ ან რა სახით გინდათ ამ ხალხთან ურთიერთობა, როგორ გინდათ მოხვიდეთ ხელისუფლებაში ამ ძალასთან ერთად. ვერ მიიღებთ, გამორიცხულია, ვერ დაივიწყებს ამას ქართველი ხალხი. შეცვალეთ ტაქტიკა, პირდაპირ გეუბნებით. ფაქტებია, როგორც კი მიტმასნილი ხართ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეგრევე კარგავთ ხმებს, 2% აიღეთ, ხომ უნდა გააკეთოთ ანალიზი, ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხეთ, თუ გინდათ რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და განვითარდეს ქვეყანა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.