მიხეილ ყაველაშვილმა ბაქოში მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
მიხეილ ყაველაშვილმა ბაქოში მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.

„ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთაშორისო და რეგიონულ ფორმატებში. განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი პარტნიორობა“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაფართოებულ შეხვედრას დელეგაციაში შემავალი საქართველოს პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი, სავალან მირზოევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესწრებოდნენ.