მიხეილ ყაველაშვილი - წითელი ხაზი ჩვენი აკვიატება არ არის, ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის დაცვა
მიხეილ ყაველაშვილი - წითელი ხაზი ჩვენი აკვიატება არ არის, ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის დაცვა

წითელი ხაზი ჩვენი აკვიატება არ არის, ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის დაცვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის და ყველა საკითხზე აქვს არგუმენტი.

„საქართველოში დადგა დრო, როცა ოპოზიციამ თავისი გზავნილები ამ ფორმატში მაინც მკაფიოდ გამოკვეთოს. რაღაცას რომ ამბობენ, მტკიცებულებები უნდა ჰქონდეთ. არჩევნებზე იყო თავისუფალი გარემო და წინა არჩევნებთან შედარებით, ეს არჩევნები ბევრად უკეთესი იყო. როცა არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. ეს მტკიცებულება როგორ უნდა წარმოადგინო? – რაღაც უნდა გამოიძიო. გამოძიებაზე უარს ამბობენ და მხოლოდ ზეპირად საუბრობენ მოსახლეობის გასაგონად. იმედია, ამ ფორმატში რაღაც პოზიციები შეჯერდება და იქნებ, ამ ფორმატში მაინც იაზროვნონ სახელმწიფოებრივად და თავის ქვეყანას პოლიტიკური საქმიანობა დაუთმონ. წითელი ხაზები ვინმეს აკვიატება კი არ არის, ეს არის არა „ქართული ოცნებისთვის“ წითელი ხაზები, არამედ თითოეული მოქალაქისთვის განმსაზღვრელი, რადგან როცა არჩევნები ჩატარდა და ადამიანებმა თავისუფალი ნება გამოხატეს, არჩევნებზე მივიდნენ, მათი შეურაცხყოფა იქნება ამ არჩევნების გადახედვა. ვთქვით, დაგვიმტკიცონ, ერთპროცენტიანი გადახრა მაინც თუ იქნება, მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ. ამაზეც წავედით და ამაზეც უარს ამბობენ. წითელი ხაზი ჩვენი აკვიატება არ არის, ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის დაცვა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.