მიხეილ ყაველაშვილი - უნდა დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ პრობლემებზე, ყველა რაღაცას ვთმობთ, რათა ვითარება განიმუხტოს
მიხეილ ყაველაშვილი - უნდა დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ პრობლემებზე, ყველა რაღაცას ვთმობთ, რათა ვითარება განიმუხტოს

მიუხედავად იმისა, რომ რთული გადაწყვეტილებაა, მის მდგომარეობაში შევდივარ. მთელი ეს პროცესი, რომელიც ახლა ვითარდება, ყველა რაღაცას ვთმობთ. ჩემთვისაც, ერთი დეპუტატისთვის ბევრი რამე შეიძლება მიუღებელი იყოს დალაგებულ და კონსტრუქციულ რეჟიმში, მაგრამ ვინაიდან ყველა დაიღალა, ყველა რაღაცას ვთმობთ, რათა ვითარება დამშვიდდეს და სიტუაცია განიმუხტოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი უნდა დაიწყონ.

„მართლა კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი უნდა დავიწყოთ, ჩვენც ვთმობთ. იმისთვის, რომ ვითარება განიმუხტოს, ძველ და ახალ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ და კიდევ მოვაწერთ. შეიძლება, ბევრი რამე არ მოგვწონდეს, მაგრამ ამას ვაკეთებთ, რათა ჩვენ წინ დგას ჩვენი ქვეყანა, რომელსაც დამშვიდება და კონსტრუქციულ რეჟიმში განვითარება სჭირდება. არის რაღაცები, რომლის იქით ჩვენთვის ჩამკეტი იქნება. ამის იქით შეიძლება, ისეთი რამ მოხდეს, რომ მაშინ აზრი არ აქვს ქვეყნის მართვას და კაცმა ქუდი უნდა დაიხურო, ხელისუფლებიდან წახვიდე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.