მიხეილ ყაველაშვილი - ვფიქრობ, გიორგი გახარიას ამ პროცესში არ უნდა მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ, მთავარია, რომ გუნდი ერთიანია
მიხეილ ყაველაშვილი - ვფიქრობ, გიორგი გახარიას ამ პროცესში არ უნდა მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ, მთავარია, რომ გუნდი ერთიანია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თავად გიორგი გახარიამ კარგად ახსნა, თუ რა მიზეზით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

ყაველაშვილის აზრით, ამ პროცესში გახარიას თანამდებობა არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ.

„ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა პოლიტსაბჭოს შემადგენლობასთან იყო ამასთან დაკავშირებით განხილვა. მგონი, მან თავად კარგად გადმოსცა მიზეზი, რატომაც მიიღო გადაწყვეტილება. ისეთ კატაკლიზმებში გვიწევს მუშაობა, ეს ეპოქა გამოირჩვა გამოწვევებით და ადამიანურად მესმის, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ეს ყველაფერი გადალახონ, შინაგან განწყობაზე მაქვს საუბარი, არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად აფასებენ, ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მე არ მოვუწონებდი ამ გადაწყვეტილებას, ამ პროცესში არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მთავარია, რომ გუნდი ერთიანია.

„ახლა მოკლე დროში უნდა მოვახერხოთ მობილიზება, ახალი პრემიერის წარდგენა და მთავრობის ჩამოყალიბება. დაველოდოთ მოვლენებს, ჩვენ ისევ იმ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას.

რაზეც დგას სახელმწიფო, ეს არის კანონი და სამართალი, თუ ამას  უგულებელყოფ, სხვა დანარჩენს აზრი ეკარგება. ნაკლებად მჯერა ამ ადამიანის, მაგრამ იქნებ მაინც გაიღვიძოს და სხვანაირად შეხედოს ქმედებებს, ნიკა მელიას ვგულისხმობ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, ყაველაშვილის განმარტებით, გავრილოვი საქართველოს ხელისუფლებისთვის არაფერს წარმოადგენს.

„ეს ყველაფერი იყო მოგონილი და შეთითხნილი თემა, გავრილოვი არაფერს წარმოადგენს არც რუსეთის ხელისუფლებაში, მითუმეტეს, არც ჩვენთვის. ეს იყო მოტივი, რომ გამოეყენებინათ ხელისუფლებაზე იერიშის მისატანად, რაღაც ნაწილში გამოუვიდათ, 20 ივნისს აიყოლიეს ახალგაზრდობა. შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდა, რომ ეს არ იყო სიმართლე. ჩვენმა პროცესებმა დაანახა საზოგადოებას, რომ ხელისუფლება სწორად მოქმედებს, სწორ გზას ადგას, მჭიდრო კავშირები აქვს დასავლეთთან. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ მართული ოპოზიციური სპექტრი და აქვთ ერთი მიზანი, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

შსს-ს წარმომადგენლები გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დილით მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც ნიკა მელია იმყოფება, თუმცა არ შეუშვეს.

მოგვიანებით უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

ამის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, „ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“.  გახარიას განმარტებით, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი“.

შსს-მ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ კიდევ ერთი მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.