მიხეილ ყაველაშვილი - USAID-სა და NED-ს ვთხოვდით, გამჭვირვალე ყოფილიყო დაფინანსება, უკვე ყველაფერი ზედაპირზეა, მათ არ შესწევთ ძალა, მავნე ზეგავლენა მოახდინონ ქვეყანაზე
ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვიყავით განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, USAID-ისა და NED-ის მიმართ, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ვთხოვდით, გამჭვირვალე ყოფილიყო პოლიტიკური პარტიების და გარკვეული ჯგუფების დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანია REAL TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა ვითარება, როცა პირდაპირ აღიარა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში.
ყაველაშვილის შეფასებით, უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და მათ არ შესწევთ ძალა, რამე მავნე ზეგავლენა მოახდინონ საქართველოზე.
„ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას გარე ძალების მიერ დაფინანსებულ, ინსპირირებულ და მათი დაკვეთებით მოქმედ შიდა ძალებზე. ძალიან კრიტიკულად ვიყავით განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, USAID-ისა და NED-ის მიმართ, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ჩვენ ვთხოვდით, გამჭვირვალე ყოფილიყო ეს პროცესი, როგორ ფინანსდება ეს ჯგუფები და ეს პოლიტიკური პარტიები. რა თქმა უნდა, ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა ეს სიტუაცია. თითქოს სხვებისთვისაც შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო, რომ პირდაპირ აღიარა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ამაზე წინასწარ ვსაუბრობდით, აქედან გამომდინარე, დაინტერესება ჯერჯერობით კიდევ არის ამ ძალების მხრიდან, თუმცა ეს პროცესი მილევადია. უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და მათ არ შესწევთ ძალა, რომ რამე მავნე ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.