მიხეილ ყაველაშვილი - სპორტსმენები განსხვავებული ცხელი ემოციით გამოირჩევიან და ვეცდებით, პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს დავუბრუნოთ
მიხეილ ყაველაშვილი - სპორტსმენები განსხვავებული ცხელი ემოციით გამოირჩევიან და ვეცდებით, პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს დავუბრუნოთ

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა.

როგორც შეხვედრამდე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, სპორტის სასახლეში, ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე ჩხუბის ფაქტი გულშემატკივრისთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელია და აღნიშნა, რომ შსს-ს მხრიდან ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოხდა.

„არ უნდა გავართულოთ, სიტუაციის დრამატიზება არ გვინდა. ის ფაქტი, რომელიც მოხდა, პირველ რიგში, გულშემატკივრისთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელია. მე მაინც ვთვლიდი, რომ ეს პრობლემა ჭიდაობის ოჯახში მოგვარებულიყო. შესაძლოა, ეს მზაობა მათ ჰქონოდათ, მაგრამ ამ ეტაპამდე არ გამოჩნდა. დათუნაშვილის წერილმა ცოტა შემაწუხა და საზოგადოებაც შეაწუხა. გამოვთქვი სურვილი, ზურაბ დათუნაშვილს შევხვედროდი. მგონი ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, მთავარია საქართველოს სახელით მოასპარეზე ნებისმიერი სპორტსმენის უსაფრთხოება.

„სავარჯიშო პირობები უნდა იყოს დაცული, რათა შემდგომი წარმატებები გარანტირებული იყოს. დაპირისპირება მიუღებელია და ეს უნდა აღმოვფხვრათ. ნებისმიერ ფედერაციაში სხვადასხვა დაპირისპირებაა, სპორტსმენები განსხვავებული ცხელი ემოციით გამოირჩევიან და ვეცდებით, პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს დავუბრუნოთ. ფედერაციებში კარგ მმართველობაზე მუშაობა დაწყებულია და კვლევები მიმდინარეობს. ხუთი ფედერაციის ეგიდით მიმდინარე კვლევა ორ კვირაში დასრულდება. ეს ყველაფერი საიდან მიდის? ყოფილი ხელისუფლების დროს პირდაპირი ჩარევით ხდებოდა, ფედერაციის შიდა საქმიანობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და ფედერაციის პრეზიდენტები პირდაპირ ინიშნებოდნენ. ჩვენ ეს დავამთავრეთ, მაგრამ მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდით. სხვადასხვა ჯგუფში კონფლიქტების დასარეგულირებლად კანონმდებლობის დონეზე რეკომენდაციები აუცილებელია, ფედერაციის საქმიანობის კრიტერიუმებით განსაზღვრული გამჭვირვალე პროცესი. ეს ჩვენი პრინციპული მიდგომაა, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს ყველა უნდა დავემორჩილოთ. თამაშის წესები და არბიტრაჟი იქნება. ასევე ყველა ფედერაციაში ეთიკის კომისია უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს.

„მინდა, ყველამ თავისი ფუნქცია კარგად გაიზროს, მათ შორის ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ. გეგეშიძესთან კომუნიკაცია არ მქონია. აუცილებელია, რომ თამაშის წესები, რომელიც სპორტის ყველა სახეობაში არსებობს, ვაფასებდეთ და თამაშის წესები ტატამს გარეთაც უნდა არსებობდეს. მთავარია, პოზიციები რაც შეიძლება მეტად დაახლოვდეს და ის წარმატებული წელი, რომელიც ჩვენს სპორტს 2018 წელს ჰქონდა, სტაბილური იყოს. ამ სტაბილურობის გარანტია სწორედ სტაბილურად მართული ფედერაცია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.