მიხეილ ყაველაშვილი - შეწყალებისას ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის ბალანსის დაცვით ვიხელმძღვანელეთ, არავინ გაბედოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება
ჩვენი მთავარი პრინციპი, რითიც ვიხელმძღვანელეთ შეწყალებისას, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ არავინ გაბედოს და არ სცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება.
„ჩემთვის გაუგებარია გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი. არ მესმის, როგორ შეიძლება, არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და მეგობრებს. ჩვენ შემჭიდროებულ ვადებში აქტიურად ვიმუშავეთ არაერთ უწყებასთან, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. მადლობას ვუხდი აღნიშნულ პროცესში ჩართული თითოეული უწყების ხელმძღვანელს და წარმომადგენელს. მთავარი პრინციპი, რითიც ვიხელმძღვანელეთ, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც. არავინ გაბედოს და არ სცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.