მიხეილ ყაველაშვილი - სერბეთში „იგლ ჰილსის“ პროექტები კარგი მაგალითია, როგორ თანამშრომლობენ სახელმწიფო და „იგლ ჰილსი“, არავის მივცემთ უფლებას, საქართველოში ამის განხორციელებას ხელი შეუშალოს
რაც ხდება საქართველოში ქვეყნისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. არაბიზაციის თემა ხელოვნურად შექმნილი სპეკულაციაა.
„მქონდა ინფორმაცია, რომ ბელგრადში „იგლ ჰილსმა“ განახორციელა პროექტი და კიდევ ხდება ამ კომპანიის განვითარება, კითხვა დავსვი, თუ რა შედეგია მიღწეული. ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთიც ანალოგიურ სიტუაციაში იყო. ვუჩიჩმა თქვა, რომ ბოლო წლებში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, რაც სერბეთში განხორციელებულია. მან შემომთავაზა, უკვე განხორციელებული პროექტი მენახა. ყველამ ნახა, თუ რა განხორციელდა, რა მასშტაბის პროექტია, როგორც ბელგრადისთვის, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის. ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ითვლება ბელგრადში. ჩვენს საზოგადოებას მივმართავ, თუ პირდაპირ არ შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ ბელგრადში, მედიის საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ ნახონ, თუ რას წარმოადგენს ეს პროექტი. მინდა, მადლობა გადავუხადო ვიცე-პრემიერს, რომელსაც სთხოვა პრეზიდენტმა, ჩვენთან ერთად ყოფილიყო და ამ პროექტის შესახებ დეტალები გაეცნო. ანალოგიური ხელშეკრულება აქვს „იგლ ჰილსს“ დადებული სერბეთთან, 35% სახელმწიფოს ეკუთვნის. დღესდღეობით, დაახლოებით 9 მილიარდზე მეტი შემოსავალი აქვს ბიუჯეტში, 3.5 – 4.5 მილიარდამდე არის განხორციელებული ინვესტიცია, 10 000-მდე დასაქმებული პირია. ძირითადად კომერციული პროექტია, ფასებიც იზრდება და რა თქმა უნდა, შეძლებული, ძლიერი მოქალაქეები იძენენ ბინებს, ძირითადად სერბი მოქალაქეები. სერბეთში ბელგრადი ერთ-ერთ უსაფრთხო ქალაქად ითვლება, ყველას სურს აქ ჩამოსვლა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან ცდილობენ „იგლ ჰილსის“ პროექტის საშუალებით შეიძინონ ბინები. დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება თხოვნა, უფრო კარგად გაშუქდეს ჩვენი საზოგადოებისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ეს ხელოვნურად შექმნილი სპეკულაცია რაღაც გაუგებარი „არაბიზაციის“ თემაზე. დღეს ჩემი თვალით, დელეგაციასთან ერთად, ვიხილე განხორციელებული პროექტები, ციფრები და ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან სახელმწიფო და „იგლ ჰილსი“. ეს არის მაჩვენებელი, თუ რა უნდა განხორციელდეს საქართველოში. არავის არ მივცემთ უფლებას, ასეთი ხელოვნურად დაგეგმილი, გარედან მოხვეული მიზანმიმართული ქმედებით ხელი შეუშალოს ამ პროექტის განხორციელებას.
რაც კი ხდება საქართველოში ქვეყნისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია. „ბიბისის“ ფილმიც, „იგლ ჰილსის“ პროექტების წინააღმდეგ წასვლა, გამოსვლები, – ეს ყველაფერი არის გარედან ინსპირირებული ძალებს მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას. შეიძლება საზოგადოებამ კითხვა დასვას, იქ არიან კონსერვატიული ძალები, ლიბერალური ძალები და „ნაციონალური მოძრაობა“, თითქოს ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, ამ საქმეში კი ერთად არიან და ერთად ეწინააღმდეგებიან ჩვენს ხელისუფლებას, სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ ერთი დამკვეთი ჰყავთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს. კარგად უნდა გაშუქდეს ყველაფერი, რაც დღეს ვნახეთ, ციფრებით არის მოცემულობა, რა შემოსავალი მიიღო სახელმწიფომ და როგორ ვითარდება ეს პროექტი. ანალოგიურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენთან ხელი არ შეეშალოს, ამის უფლებას არავის არ მივცემთ. დარწმუნებული ვარ „იგლ ჰილსის“ მიერ განხორციელებული პროექტი ერთ-ერთი წარმატებული იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლიან ბრძოლას და შედეგებით ვუპასუხებთ ყველა ბრალდებას, როგორც დღეს „იგლ ჰილსის“ მაგალითზე დავანახეთ საზოგადოებას. სერბეთში განხორციელებული ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნისთვის, რაზეც თავად სერბეთის ვიცე-პრემიერმაც ისაუბრა. ეს არის პასუხი, ეს უნდა გავაგებინოთ ჩვენს საზოგადოებას, იმ ხალხს, ვინც ამბობს, თითქოს ხელისუფლება გეგმავს სხვა ეროვნების ადამიანების მასშტაბურად შემოყვანას. ეს ყველაფერი ამ სიგიჟეში არის გადასული. ჩვენ გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას, ყველას გავცემთ პასუხს და საქართველო გახდება უფრო ძლიერი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.