მიხეილ ყაველაშვილი - საზოგადოებისთვისაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რაც რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან დიდი ნეგატივია დატოვებული, ამას სჭირდება გაანალიზება, ამისთვის მუშაობენ
ჩვენი საზოგადოებისთვისაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რაც მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივია დატოვებული და ამ ყველაფერს სჭირდება გაანალიზება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, მარკო რუბიოსთან და ჯეი დი ვენსთან შეხვედრას. მინდა, საზოგადოება აერიდოს მანიპულაციებს. ჯერ აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვა დამალეს, მაშინდელმა საელჩომ რაღაცები ჩაიდინა, თითქოს ფეიკია, მერე ფეიკად ჩათვალეს ჩემი ვიზიტი, ვახშამზე დაპატიჟება, სურათის გადაღება და გასაუბრება. ოლიმპიადის გახსნაზე ჩვენი ურთიერთობები აბსოლუტურად გულწრფელი იყო. იყო განცდა, რომ ჩვენ თანასწორი ქვეყნები ვართ, სიმპათიით ვართ განწყობილი, მით უმეტეს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რომელთანაც საერთო ღირებულებები გვაქვს. თავადაც აღნიშნა ეს მომენტი. ლოცვის დღეს აღნიშნავენ ახლა, 17 მაისს, მანამდე ჩვენ ვაღიარეთ ოჯახის სიწმინდის დღედ. თავად ახსენა საქართველოს პატრიარქი… ჩვენი მხრიდან არაერთხელ არის გაცხადებული, შეგვიძლია, სრულიად გულწრფელად, გამჭვირვალედ უკეთესი გახდეს ჩვენი ურთიერთობები. ჩვენი საზოგადოებისთვისაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რაც რუბიომ აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივია დატოვებული და ამ ყველაფერს სჭირდება გაანალიზება, რომ ჩვენი ურთიერთობები დაიწყოს. ამისთვის მუშაობენ. მათი მხრიდან იყო ეს გაცხადებული, რა თქმა უნდა, ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ. კარგი ვითარებაა იმ მხრივაც, რომ საქართველო ვინმეზე ჩამოკიდებული არ არის. დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, დამოუკიდებელი ხელისუფლება და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვახორციელებთ ქმედებებს ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული არც ევროკავშირზე, არც აშშ-ზე, არც ჩინეთზე, არცერთ ქვეყანაზე და ჩვენი დამოკიდებულება ამ ქვეყნებთან მიმართებით არის გულწრფელი, თანასწორი, სამართლიანი და ურთიერთპატივისცემაზე აგებული. ამას ვითხოვთ კიდევაც ხშირ შემთხვევაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, წარმოუდგენელია, რეგიონში საქართველოს გარეშე განხორციელდეს პროექტები.
„კარგი ურთიერთობები გვაქვს ჩვენს მეზობლებთან, თურქეთთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი რეგიონი არის საკმაოდ მიმზიდველი, დიდი შესაძლებლობების მქონე რეგიონი და უნდა გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი. ზოგჯერ ჩვენ არ გვახსენებენ ხოლმე სხვა ქვეყნის ლიდერები, მაგრამ წარმოუდგენელია, საქართველოს გარეშე განხორციელდეს პროექტები. ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა მეზობლებმა და დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.