მიხეილ ყაველაშვილი - საუკუნეების განმავლობაში ვცდილობდით, საქართველო როგორმე დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ყოფილიყო, დღეს ამ გზას ვადგავართ და აღარ დავთმობთ
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ძალიან კარგად აფასებს არსებული ხელისუფლების პოზიციონირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და განვითარების გრძელვადიანი პროცესი. მუდმივად მოგვყავს საერთაშორისო რეიტინგები სხვადასხვა სფეროს მიხედვით, როგორ პროგრესირებს ჩვენი ქვეყანა. ეს ჩვენი მხრიდან მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკაა. ჩვენ არ წარმოგვიდგენია ევროკავშირი რაღაც ერთიან პოზიციად ჩამოყალიბებული, რადგან იქ არის ევრობიუროკრატია და არიან ქვეყნები. მაგალითისთვის შეიძლება, მოვიხმოთ ცვლილებები ჩეხეთში, იბრძვიან თავიანთი ეროვნული ინტერესებისთვის, თუნდაც პოლონელები, უნგრელები, სლოვაკები და სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესის თემები ნელ-ნელა წინ არის წამოწეული. ამაზე დიდი გავლენა ჰქონდა აშშ-ში ტრამპის გამარჯვებას. აქედან დაიწყო ეს პროცესები, მაგრამ ჯერჯერობით, ძალიან ძლიერი ძალაა „დიფ სთეითი“, რომელსაც უდიდესი გავლენები აქვს ევროკავშირში. ჩვენი იარაღი რა არის? ჩვენ ამით ვართ ძლიერები, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ინფორმაციის მიღებას, მომზადებული ვხვდებით ყველა გამოწვევას და ვიცით, მათი ქმედებები რა იქნება, რა იყო და რა გამოწვევებია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ევროკავშირის ეს ბიუროკრატია არ წარმოადგენს ევროპას და იმას, რისკენაც ჩვენ ყოველთვის მივისწრაფოდით.
„მე როცა განვაცხადე, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ევროკავშირში ყოფნა, ხომ გახსოვთ, სათაურებად ჰქონდათ გამოტანილი და ასე ასულდგმულებდნენ საზოგადოებას, ევროკავშირს ეწინააღმდეგებაო. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში კამათს შევესწარი, სადაც ერთ-ერთმა მათმა მხარდამჭერმა ამ გზავნილს მხარი დაუჭირა, მართალს ამბობს ყაველაშვილი, რადგან თვითმიზანი არ შეიძლება, იყოს რაღაც კავშირი, ეს შეიძლება, იყოს ინსტრუმენტად გამოყენებული, საშუალება, რომ შენი ქვეყანა უფრო ძლიერი და განვითარებული იყოსო. პასუხი იცით, როგორი იყო? კი, ჩვენც შეიძლება, დაგეთანხმოთ, მაგრამ ყაველაშვილმა რომ თქვა, არ შეიძლება, მაგას დავეთანხმოთო. აი, ასეთი დამოკიდებულებით არიან და ამაზე მაქვს საუბარი. ჩვენ მოვახერხეთ, რომ მოქალაქეები განვაწყვეთ, ჯერ ჩვენ რა გვინდა, ჩვენ ინტერესში რა შედის და რა არის ჩემი ქვეყნისთვის უკეთესი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან, ყაველაშვილმა უპასუხა კითხვას, როგორ ესახება ევროკავშირთან ურთიერთობის ნორმალიზება იმ პირობებში, თუ ისინი გააგრძელებენ სანქციების პოლიტიკას, სუვერენიტეტში ჩარევას, იმ ტიპის განცხადებებს, რაც კეთდება კონკრეტული ლიდერების მხრიდან და კარნახს კანონებთან მიმართებით, რომელი კანონი შეიძლება, მიიღოს და რომელი კანონი არ უნდა მიიღოს არც ერთ შემთხვევაში.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველომ შეძლო იმ ქვეყნების რიგიდან გამოსულიყო, სადაც ე.წ პროექტის შემქმნელები ამგვარი დამოკიდებულებით არიან.
„ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ ახლა. წინა ხელისუფლებების დროს იყო მოთხოვნები, ჩვენ უნდა განგისსაზღვროთ, შენ იქნები, თუ არ იქნები, როგორი იქნები და ასე შემდეგ. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ემორჩილებიან, ამიტომ შურთ ბალტიის ქვეყნებს ჩვენი, რომ მათ მსგავსად არ ვიქცევით. არ უჩნდება კითხვა ბალტიის ქვეყნებთან, როგორ ახერხებენ რუსეთთან მაღალი დონის ვაჭრობას იმ ფონზე, როცა ომია და ჩვენ მოგვიწოდებენ სანქციებთან შეერთებას? ვერ გაბედავენ, რადგან ეს ერთი ქსელია. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ჩვენი მოქალაქეები უკვე გაიზარდნენ და მოთხოვნებს უყენებენ ხელისუფლებას, დაიცავი ჩვენი ეროვნული ინტერესი, კეთილი ინებე და, ეროვნული ინტერესის მიდგომით ესაუბრე შენს მოწინააღმდეგეს, პარტნიორს და ასე შემდეგ. საუკუნეები რასაც ცდილობდნენ ჩვენი წინამორბედები, როგორმე დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ყოფილიყო საქართველო, დღეს ჩვენ ამ გზას ვადგავართ. ამას არაფრის დიდებით აღარ დავთმობთ. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.