მიხეილ ყაველაშვილი - მოსახლეობის უმრავლესობა მომხრეა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, ამ უმრავლესობის მიერ არის არჩეული „ქართული ოცნება“, ამის გამიჯვნა შეუძლებელია
მიხეილ ყაველაშვილი - მოსახლეობის უმრავლესობა მომხრეა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, ამ უმრავლესობის მიერ არის არჩეული „ქართული ოცნება“, ამის გამიჯვნა შეუძლებელია

სამწუხარია, რომ ვერ მოხდა კონსოლიდირება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, როგორიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაა. ბოლო 30 წელი სულ მცირე და მთელი ჩვენი წინა ისტორიის განმავლობაში, ჩვენი სასიქადულო მამულიშვილების დიდი სურვილი იყო, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, ღირსების დაკარგვის ხარჯზე კი არა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის სრულყოფილი კავშირის წევრი რომ იყოს საქართველო, ამაზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება.

„როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მომხრეა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების და ამავე დროს ამ უმრავლესობის მიერ არის არჩეული „ქართული ოცნება“, ამის გამიჯვნა შეუძლებელია. თუ იმით განისაზღვრება ევროკავშირის სრატუსის მიღება, რა უნდა შეესრულებინა ამა თუ იმ ქვეყანას, საქართველო ამაშიც მოწინავეა. ეს ხომ მოცემულობა და ფაქტია. როცა კონკტრეტულ პიროვნებაზე ხდება მითითება, გამოდის, რომ შიდა საქმეებში ერევი. ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი დააცალკევოს, გამიჯნოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი, ხელისუფლება და გარკვეული ევროპარლამენტარების დამოკიდებულება. ეს არის სირცხვილი და ეს შეურაცხმყოფელია. აქ ერთიანი პოზიციაა წარმოსაჩენი და იმდენი შეგნებაც არ ჰყოფნით, რომ ამ სიტუაციაში მაინც გაჩერებულიყვნენ. თითქოს ახლა, რომ უნდათ 20 ივნისი ისე წარმოაჩინონ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ერთიანობის პოზიცია იყოს, თუ იქნება მიზანმიმართული მოწოდება იმის, რომ ხელისუფლება გადავაყირავოთ, ეს პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედება იქნება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.