მიხეილ ყაველაშვილი – ეკლესია დღესაც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, სულიერი სიმტკიცისა და ეროვნული ერთობის საფუძველს წარმოადგენს

10:38, 25.03.2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.

„1917 წლის 25 მარტს, ქართული სამღვდელოების საგანგებო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა — ეს გახლდათ ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი.

ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მაშინ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მამულიშვილები – როგორც საერო, ისე სასულიერო პირები – იბრძოდნენ, რითიც განამტკიცეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. თუმცა მაშინ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი იყო – მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება 1990 წელს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის უდიდესი ძალისხმევითა და ავტორიტეტით მოხერხდა, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდი მას.

დღესაც ეკლესია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, სულიერი სიმტკიცისა და ეროვნული ერთობის საფუძველს წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. გისურვებთ მშვიდობასა და სულიერ სიმტკიცეს.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია და სამშობლო!“ – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მსგავსი