მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ასეთია მთავრობის ყოველდღიური გზავნილი, ვინც სხვანაირად იგებს, ეს მისი პრობლემაა
მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ასეთია მთავრობის ყოველდღიური გზავნილი, ვინც სხვანაირად იგებს, ეს მისი პრობლემაა

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სოლიდარულია უკრაინის მიმართ და ასეთია მთავრობის ყოველდღიური გზავნილი.

მისივე თქმით, ვინც სხვანაირად იგებს, ეს მისი პრობლემაა.

„პლენარულ სხდომაზე ჩემ მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ მიჩვეული ვართ, ოპოზიციისთვის ენას ძვალი რომ არ აქვს. რასაც უნდათ, იმას საუბრობენ და ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ როდესაც საომარი მდგომარეობაა და სახელმწიფო ზღვარზეა, როგორმე ომში ჩაითრიონ, ეს ადამიანები ქვეყნის ფარგლებს გარეთ კადრულობენ და საკუთარ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებენ. დღეს უკრაინას ომი აქვს, ხატია დეკანოიძე კი, საქართველოს სახელით ერთ-ერთ უკრაინულ არხს ჩაერთო და უკრაინელ ხალხს მიმართა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთისა და პუტინის ხელისუფლება, რომელიც უნდა მოვიშოროთო. ეს ადამიანები ომში არიან და რა თქმა უნდა, ამას მათზე გავლენა ექნება. დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინისთვის საქართველოზე მეტს აკეთებს. ერთი ასეთი ქვეყანა დამისახელეთ და შევადაროთ. დამისახელეთ ფაქტი, რა შეუძლია და რას არ აკეთებს საქართველოს სახელმწიფო, ხელისუფლება? როცა ომია, მორატორიუმია და არ შეიძლება გონჩარენკოს ვუპასუხო, რისი ღირსიც არის. ყველა ქვეყნის მთავრობისათვის მთავარი ამოსავალი მათი ქვეყნის ინტერესია – ვისაც ძალა და შესაძლებლობა აქვს, რატომ არ ებმებიან ომში? საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სოლიდარულია უკრაინის მიმართ და ასეთია მთავრობის ყოველდღიური მესიჯი მსოფლიოს მიმართ. ვინც სხვანაირად იგებს, ეს მისი პრობლემაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა რუსეთში პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხის ირგვლივ კომპეტენტური პირების მიერ ახსნა-განმარტება არაერთხელ გაკეთდა.

მისივე თქმით, განიმარტა, რომ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ბაზრის მოძიებაზე მიმართვა 2020 წელს იყო გაკეთებული, თუმცა რუსეთი ამას ახლა დათანხმდა, საქართველოს მხრიდან კი საკითხს არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია.

„თუ უკრაინის რადას თავმჯდომარე გამოგზავნილ წერილში იმ ფაქტს გულისხმობს, რომ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ბაზრის მოძიებაზე 2020 წლის მიმართვას რუსეთის ფედერაცია რამდენიმე დღის წინ დათანხმდა, ამაზე ახსნა-განმარტება არაერთხელ გაკეთდა როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის, ასევე ჩვენი არაერთი ლიდერის მხრიდან. განიმარტა, რომ მიმართვა მანამდე იყო გაგზავნილი, ხოლო რუსეთი არსებულ სიტუაციაში დათანხმდა და ამას არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია. სწორედ იმ დილას ეს თემა საჯაროდ გამოიტანა ელენე ხოშტარიამ და დაიწყო, თითქოს პროცესი ახლა მიმდინარეობდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ალბათ გამოჩნდა ელენე ხოშტარიას პარტნიორი რუსეთის ფედერაციაში, როგორც გამოჩნდა გავრილოვი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.