მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას

00:39, 24.07.2026

საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული სახელწიფოს არსებობის წარმატებულ პერიოდებში ქვეყნის სიძლიერეს დიდწილად საკუთარი ეროვნული ინტერესების მკაფიო გააზრება და იმ ქვეყნებთან ურთიერთობების პრაგმატულად წარმართვა განსაზღვრავდა, რომლებთანაც საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირები ჰქონდა.

„ჩვენ არავის ვესხმით თავს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მზად ვართ, ყველა სახელმწიფოსთან გვქონდეს ურთიერთნდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მიდგომის თანამედროვე გაგრძელებაა დღევანდელი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, რომლის პრიორიტეტებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანასწორი თანამშრომლობა წარმოადგენს.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკურად რთულ გარემოში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც პოზიტიურად ფასდება. მისი განცხადებით, ქვეყნის განვითარების დინამიკა აჩვენებს, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ფუნქციის თანამედროვე პირობებთან ადაპტირება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვას და ამავდროულად ყველა პარტნიორთან თანამშრომლობისთვის ღია დარჩეს.

მსგავსი