მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის დასრულებას, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე
მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის დასრულებას, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე

საქართველო მიესალმება სულ ახლახან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ყველა პუნქტის ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას. ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონის პოტენციალისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად და გამოსაყენებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში დიალოგის, დიპლომატიისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც შენარჩუნდება.

„ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ხელი მოეწერება ისტორიულ ხელშეკრულებას, რაც უმნიშვნელოვანესი იმპულსი იქნება რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს მხრიდან გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას და მზაობას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში დიალოგის, დიპლომატიისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც შენარჩუნდება. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულმა განსაკუთრებულმა, ხანგრძლივმა მეგობრობამ და საერთო გონივრულმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენი რეგიონის როლი სწორად განგვესაზღვრა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სადაც ჩვენი ხალხები შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას საკუთარი ადათ-წესებით და არა თავს მოხვეული ფსევდოლიბერალური ღირებულებებით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით აღნიშნულ საფრთხეებს და უზრუნველვყოფთ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შეუძლებელია, ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ იცოდეს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენციისას.