მიხეილ ყაველაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდების პროცესთან არის თანხვედრაში
მიხეილ ყაველაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდების პროცესთან არის თანხვედრაში

სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდების პროცესთან არის თანხვედრაში მტკივნეულია, რომ ის ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანია REAL TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები წარსულის გადმონაშთია და სრულიად ახალი, რეალური პოლიტიკა მკვიდრდება.

„მიჭირს საუბარი, რადგან ეს ქალბატონი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რომლის არჩევაშიც საკმაოდ დიდი წვლილი აქვს „ქართულ ოცნებას“ და მეც პირადად, რადგან ამ პროცესის ნაწილი ვიყავი. რამდენად მტკივნეულია, რომ ამ ადამიანმა შეიცვალა ხედვები და იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ხორციელდება. ამ საკითხებზე საუბარი რთულია, მისი ქმედებები ყველასთვის ცნობილია. ძალებს, რომლებიც თანხვედრაში არიან ამ პროცესებთან, უნდათ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდება. მტკივნეულია, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სალომე ზურაბიშვილი გახდა. მისი ქმედებები წარსულის გადმონაშთია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ახლა უკვე სრულიად ახალი, რეალური პოლიტიკა მკვიდრდება.

„პირველი, რაც ჩანს, არის საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებები. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ჩვენც და აზერბაიჯანიც სწორედ ასე ვმოქმედებდით, საკუთარ ინტერესებზე, ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით სხვა ქვეყნებთან მიმართებით და არა ერთიანი, გლობალური სისტემის შექმნით, სადაც ყველა ერთნაირად აზროვნებს, შეიქმნება ფსევდოლიბერალი ადამიანი, რომელიც ყოველგვარი ეროვნულობის და ღირებულებების გარეშე უნდა ყოფილიყო. ასეთი მიმართულება იყო და, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ჩერდება, ამ საკითხში ჩვენც და აზერბაიჯანიც მოწინავე ვართ, რომ ამ ყველაფერს წინ აღვუდექით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.