მიხეილ ყაველაშვილი – საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ

18:14, 08.07.2026

საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფოა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ფორმატებში საქართველოსთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე ჯანდაცვისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებისას ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებს, აგრეთვე სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს მზარდ როლს სამხრეთ კავკასიის შუა დერეფნის საკვანძო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეაჯამა გაერო-ს ეგიდით გამართული ხელოვნური ინტელექტის მართვის გლობალური დიალოგი და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოებს შორის კოორდინაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა და პასუხისმგებლიანი მიდგომები.

მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით აუცილებელია უსაფრთხოების საკითხებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, ხოლო საქართველო მზად არის, აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო დისკუსიებსა და ინიციატივებში, მათ შორის, მომავალში მსგავსი ფორმატის საერთაშორისო ფორუმების მასპინძლობის მიმართულებით.

მსგავსი