მიხეილ ყაველაშვილი - სააკაშვილის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, რადგან არ შეიძლება, ვინმე კანონზე მაღლა დადგეს, ახლა ძალაუფლება არ აქვთ, თორემ იმ საშინელებებს გააორმაგებდნენ
მიხეილ ყაველაშვილი - სააკაშვილის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, რადგან არ შეიძლება, ვინმე კანონზე მაღლა დადგეს, ახლა ძალაუფლება არ აქვთ, თორემ იმ საშინელებებს გააორმაგებდნენ

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული, რადგან არ შეიძლება, ვინმე კანონზე მაღლა დადგეს, ჩემი ძმაც რომ იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვლის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას სწორედ ამ ნარატივით მართავდა.

„მათ ახლა არ აქვთ ძალაუფლება, თორემ გააორმაგებდნენ იმ საშინელებებს, რაც მათი „მოღვაწეობის“ დროს ხდებოდა. ვისაც სააკაშვილი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, მათ ვეტყვი, რომ ეს არის ძალა, რომელმაც ყველაფერი აკადრა ადამიანს, რაც კი შეიძლება ეკადრებინა ადამიანისთვის ავტორიტარულ რეჟიმს. უკადრებელიც კი იკადრეს, გაუპატიურებიდან დაწყებული, ქუჩაში ჩახოცვით.

თითქოს, ქვეყანას ქმნიდნენ და ასეთ საშინელებებს აკეთებდნენ. ამ ქვეყნის წინაშე ყველას ჩვენი ვალდებულება გვაკირსია. ადამიანები, ვინც ქუჩაში საკუთარ ვალდებულებას ასრულებენ, კანონს იცავენ, რა უნდა ვუთხრათ, ვიღაცას მოუნდა და კანონს არღვევს? პოლიტიკური ნარატივი მესმის. უყურებთ, განვითარებულ ქვეყნებში როგორ ხდება მიტინგის დაშლა, თმენის უსაზღვრო ვალდებულება გამოიჩინა „ქართულმა ოცნებამ“. ამ თმენის გამო რას არ გვიწოდებენ, ჩვენი მომხრეები განაწყენებული არიან, მაგრამ მათი ქმედებები არ არის მიმართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოთქმული სამარცხვინო მოწოდება უკრაინიდან.

ეს ადამიანი მერამდენედ გვმოძღვრავს, ერთხელ ვერ გაბედა ჩამოსვლა, რა გმირობაზე მესაუბრებით? გვარამიას გადაცემაში ჩვენს ეროვნულ გმირებს როგორ შეეხნენ? – ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და ანწუხელიძე ახსენეს. უნდათ, ეს ახალგაზრდები განაწყონ საკუთარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ისე, რომ მაგალითად ეროვნული გმირები მოჰყავთ არა გარე მტერთან საბრძოლველად, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ უნდათ განაწყონ. ეს ხომ სამარცვინო საქციელია? ნაცი და გმირი სად გაგიგიათ? ადამიანი, რომელიც პრეზიდენტი იყო, ვერტმფრენის ხმაზე გაიქცა და მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ შეგვარცხვინა. ეს ადამიანი დღეს გმირობაზე გველაპარაკება. სამარცხვინოა, ეს ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობა“ არ იცვლება და მათთან ერთად პოლიტიკურ მომავალზე საუბარი შეუძლებელია.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტნიორობა იგივეა, რომ ფაშისტურ პარტიასთან ერთად იყო, პარტნიორობდე და ებრაელი ერის გენოციდზე საუბრობდე. შეუძლებელია, ამათთან ერთად რამე პოლიტიკურ მომავალზე საუბარი, ეს ადამიანები არ იცვლებიან“, – დასძინა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.