მიხეილ ყაველაშვილი – რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით, შეგვიძლია, დედაეკლესიასთან ერთად ეს განვახორციელოთ და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია

18:16, 25.10.2026

მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს ზემოაჭარლებს, ამ მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული კუთხის შვილებს, დღეს მართლაც ზეიმით არის აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი დედაეკლესიისა, ნათლისღება მიიღო, მართალაც უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვენგანში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარაში განაცხადა, სადაც სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობას დაესწრო.

მისი თქმით, დღეს ხარობს მთელი ერი და ქვეყანა.

„სიმბოლურია, რომ სწორედ ზემო აჭარაა განსაკუთრებული მხარე და კარიბჭე ქრისტიანობისა. სწორედ აქ მოხდა ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის მიერ ქრისტიანული სარწმუნოების პირველად ქადაგება, სწორედ აქ მოხდა ზიარება ქართველი ხალხის მთავარი სარწმუნოებისა, იმ ღირებულებისა, რომელსაც დღემდე ასე ვუფრთხილდებით და ვიცავთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1 700 წელს საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებისა. ჩვენ ეს აღვნიშნეთ მთელმა ერმა და უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველო არის ერთიანი სხეული, ყველამ ვიცით ჩვენი ისტორია, როგორი გამოწვევებითაა აღსავსე, რამდენი წმინდანი გვყავს, რამდენი გმირი. არ ვეგუებოდით არასდროს არც ჩვენი მიწის, არც ჩვენი იდენტობის, არც ჩვენი სარწმუნოების და არც ჩვენი ტრადიციების მიმართ უხეშ მოქცევას მომხდურის მხრიდან. ეს არის ჩვენი რაობა, ჩვენი არსი ცხოვრებისა, თუ ვინა ვართ, რას წარმოვადგენთ და რანი უნდა ვიყოთ მომავალში. ამას ყველაფერს უზრუნველყოფს ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ვის გარშემოც ვართ გაერთიანებული მთელი საქართველო. უდიდესი ბედნიერებაა დღეს აქ ყოფნა, ამ მართლაც უნიკალურ მხარეში. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი ზემოაჭარლების მიმართ, რადგან ამ ხალხმა უდიდესი განსაცდელი გაიარა, მაგრამ შეინარჩუნა და არ დაკარგა თავისი იდენტობა, სამშობლოსადმი სიყვარული და დღეს სწორედ ეს პროცესია. დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რომ გზა, რომელსაც მთელი საქართველო გავდივართ სწორედ აქ, ჩვენს ზემოაჭარლებთან ერთად, უნდა გავიაროთ მთელმა საქართველომ, გზა უფლისკენ და ეს არის ჩვენი ცხოვრების არსი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, დღეს საქართველო არის ერთიანი სხეული.

„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ძლიერები, განვავითარებთ ქვეყანას, მაგრამ მთავარი ყოველთვის არიან ადამიანები, მთავარი არის ადამიანის ცხოვრებაში მისი აზრი ცხოვრებისა და ჩვენ გვყავს უდიდესი სარწმუნოების მქონე  ერი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გვასწავლა უნიკალური სიბრძნე, რომ უნდა ვიყოთ ქრისტეს ჯარისკაცები, უფლის საფარქვეშ. ასევე დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, უფრო მარტივად დავძლევთ ძნელბედობის ჟამს, უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით. რაც უფრო მეტად დავშორდებით, უფრო მეტი გვქნება გამოწვევაც და, ასე ვთქვათ, პრობლემებიც. ეს არის ჩვენი ისტორიის მთელი არსებობის გამოცდილება, ეს გვასწავლეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ ვალდებული ვართ და სხვა გზაც არ გვაქვს, რომ სხვანაირად მოვიქცეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს დედაეკლესიასთან ერთად, ეს განვახორციელოთ და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. უდიდესი ბედნიერებაა დღეს თქვენი ხილვა ამ მართლაც უნიკალურ და გამორჩეულ მხარეში. ეს არის დღეს ჩვენი ერის დღესასწაული, მთლიანი საქართველოსი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს საქართველო არის ერთიანი სხეული, არ შეიძლება, რომ ის განსხვავებული იყოს და ეს განსხვავებულობა მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური კულტურა, უნიკალური, როგორც ჩვენი ქართული პოლიფონიაა, ასევე განსხვავებული ტრადიციები, ხასიათი, ჩვენი კულტურა და ეს, პირიქით, აძლიერებს და კრავს ჩვენს მართალაც უნიკალურ ერს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მსგავსი