მიხეილ ყაველაშვილი - რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, ომი დასრულდეს, ამისთვის ნებისმიერ ფორმატს ვუერთდებით, თვალსაჩინოა, როგორ ზომიერად, გონიერად და პრაგმატულად მოიქცა ჩვენი ქვეყანა
მიხეილ ყაველაშვილი - რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, ომი დასრულდეს, ამისთვის ნებისმიერ ფორმატს ვუერთდებით, თვალსაჩინოა, როგორ ზომიერად, გონიერად და პრაგმატულად მოიქცა ჩვენი ქვეყანა

ბოლო წლებმა და განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებულმა საომარმა ვითარებამ, ძალიან კარგი გამოცდილება შეგვძინა პრაგმატული, გონიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების, – ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველო ამ ომის თავიდან აცილებას ითხოვდა.

„პირველივე დღიდან ერთ-ერთი იყო საქართველო, რომელიც ითხოვდა, სასწრაფოდ შეიკრიბეთ დიდი ქვეყნები, რომ ავიცილოთ ეს ომი და ეს უბედურებები, რაც შემდეგ განხორციელდა უკრაინაში. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ომი დასრულდეს და ამისთვის ნებისმიერ ფორმატს ვუერთდებით. გვსურს, მშვიდობა დამყარდეს, ჩვენ ამისკენ ვიყავით ყოველთვის მოწოდებული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თითქოს ევროკავშირის ქვეყნები ომის წინააღმდეგ არიან, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებას პირდაპირ უშლიან ხელს.

„ერთია, თითქოს ომის წინააღმდეგ არიან, მეორე მხრივ, პირდაპირ ხელს უშლიან სამშვიდობო მოლაპარაკებას. უთანხმოება მაკრონს და მერცს შორის ამასთან დაკავშირებით იყო, რომ ევროკავშირის დასასრულს ხედავენ, თუ ომი დასრულდა. სამხედრო წარმოებაზე გადავიდა მთლიანად მათი ეკონომიკა. ამ გამოწვევებში, ამ ქაოსში, ჩვენ ვცდილობთ, სამშვიდობო პოლიტიკა განვავრცოთ; ვცდილობთ იმათთან უფრო მჭიდრო კავშირს, ვისაც იგივე შეხედულებები აქვს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ საქართველომ სადმე რაიმე არასწორად გააკეთა. მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა ჩვენი ქმედებები ამ ომთან დაკავშირებით, როგორ ზომიერად, გონიერად და პრაგმატულად მოიქცა ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.