მიხეილ ყაველაშვილი - პოლიტიკოსი რომ გქვია, შესაძლებლობა გაქვს, საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ესაუბრო და ამ შანსს არ იყენებ, ხომ სხვა დღის წესრიგი გაქვს? გარედან რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ
მიხეილ ყაველაშვილი - პოლიტიკოსი რომ გქვია, შესაძლებლობა გაქვს, საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ესაუბრო და ამ შანსს არ იყენებ, ხომ სხვა დღის წესრიგი გაქვს? გარედან რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ

ხელისუფლებამ მზად არის, ნებისმიერ წარმომადგენელთან ჰქონდეს დებატი ამა თუ იმ თემაზე, ეს არ სჭირდება მხოლოდ ხელისუფლებას, ეს გვჭირდება ჩვენ, საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩემი ოპონენტი ვერავინ ვერ იქნება და ვერც მე ვიქნები ვინმეს ოპონენტი, ვინაიდან ჩვენი კონსტიტუციით პრეზიდენტი ზეპარტიულია, თუმცა აუცილებელი იყო, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს პროცესები დაძრულიყო. პარლამენტში როცა გამოვდიოდი, მოვუწონე ეს გზავნილი პრემიერს, რომ დადგა დრო და ვუსმენთ ჩვენს საზოგადოებას. არის საზოგადოებაში ძალა და მე მჯერა ამ ქვეყნის, მოქალაქეების, ქართველი ადამიანის. ჩვენ სამიათასწლოვანი სახელმწიფო ვართ, ამდენი ჭირ-ვარამი, ამდენი კატაკლიზმები გავიარეთ. შეუძლებელია, არ არსებობდნენ თუნდაც დღევანდელ რეალობაში სახელმწიფოებრივად მოფიქრალი, მაგრამ არა, ასე ვთქვათ, ხელისუფლების მხარდამჭერი ადამიანები. დარწმუნებული ვარ, არსებობენ, გამოჩნდა და გამოჩნდება კიდეც. მე რამდენიმე დებატს ვუყურე და იქაც გამოიკვეთა, ვინ რითი სულდგმულობს, ვინ მსჯელობს პროფესიონალურად, ვის უნდა, რომ საზოგადოებას გააგებინოს თავისი, ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი, დაანახოს, რომ ჯანსაღად და პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს. ასევე მიწვეული იყო რამდენიმე ადამიანი და პირდაპირ გამოჩნდა, რომ მათი შეხედულებები, დამოკიდებულება, მსჯელობის კულტურა პოპულიზმთან იყო ძირითადად კავშირში და არა – საგნობრივ კამათთან. ეს დავინახეთ, მაგრამ ეს საწყისი ეტაპია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ეს ნაბიჯი და ხელისუფლებას არ ეშინია არც ოპონენტების და არცერთი თემის, რაზეც იქნება მსჯელობა ღია ეთერში.

„ხელისუფლებამ თავად მოითხოვა ეს ყველაფერი და ის მზად არის, ნებისმიერ წარმომადგენელთან ჰქონდეს დებატი და დისკუსია ამა თუ იმ თემაზე. ეს გვჭირდება ჩვენ, საზოგადოებას, ეს არ სჭირდება მხოლოდ ხელისუფლებას. ეს არის ჯანსაღი საზოგადოებისთვის, ნებისმიერი ჩვენგანისთვის, რა პოლიტიკური გემოვნების არ უნდა იყოს. ეს ხომ ელემენტარული უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს. ადამიანი როცა შეურაცხყოფას გაყენებს, რა საკითხზე უნდა ისაუბრო მასთან? როცა გამცირებს, როგორ შეიძლება, რამე თემაზე გქონდეს დებატი, ეს ხომ შეუძლებელია? იმსახურებს თუ არა დისკუსიას ჩვენი საზოგადოება? ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დაგვიანებულიც არის დებატები, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს. ხელისუფლების პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს პროცესები დაიწყო. რა თქმა უნდა, პირველი გადაცემები ისეთი ვერ იქნება, მაგრამ მე ვნახე რამდენიმე გადაცემა და უმჯობესდება. ძალიან კარგი იყო, მაგალითად, „რუსთავი 2“-ზე გუშინდელი გადაცემა, თითქმის პროფესიონალების თავშეყრა იყო სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება იღებს სრულყოფილ ინფორმაციას და არჩევანიც არ გაუჭირდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება საუბრობს მშვიდობაზე, ეროვნულ ინტერესებზე, როგორი ქვეყნის აშენება გვინდა.

მისივე თქმით, უკვე ჩანს, რომ არ მოსწონთ სერიოზულ საკითხებზე დებატები და უნდა დაიწყოს ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა.

„წარმოიდგინეთ, რა სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს. პოლიტიკოსი რომ გქვია, შესაძლებლობა გეძლევა ნებისმიერ სივრცეში, საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ესაუბრო და ამ შანსს არ იყენებ, ხომ სხვა დღის წესრიგი აქვთ? გარედან რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. ჩვენ ხომ ვნახეთ, როგორ ემსახურებოდნენ გარედან დაკვეთებს, შარლ მიშელიდან დაწყებული, ვის საფარქვეშ არ იყო ეს ხალხი და დღემდე ასე არიან. მეცოდებიან, მაგრამ მილევადია. ძალიან კარგი პროცესი დაიწყო, ქვეყანა ვითარდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.