მიხეილ ყაველაშვილი - ოპოზიციის ლიდერი იმიტომ იყო სალომე ზურაბიშვილი, რომ გარედან დაავალეს, ახლა გვარამია იქნებაო, მთავარია, არ მოვტყუვდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ პრაგმატულ პოლიტიკას გავაგრძელებთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კომუნიკაციაში არის ხან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხან პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ახერხებს კომუნიკაციას. ეს ხომ კარგია საქართველოსთვის. ამის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, არ არის ქართული საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსხენა მისი მეუღლის, თამარ ბაგრატიონის მონაწილეობა ვაშინგტონში გამართულ გლობალურ სამიტში, „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.
„ხომ ნახეთ, ვინ დაიწყო ქილიკი, რომ არავის მიუწვევია, რა შუაშია და ასე შემდეგ. შემდეგ მონაწილეობა მიიღო ასეთ კარგ, ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ისევ დაიწყეს ქილიკი, შეურაცხყოფა, რა არ იკადრეს. აქედან გამომდინარე, თუ ამბობ, რომ ამერიკასთან გინდა ურთიერთობის დალაგება, რატომ უშლი ხელს, მოდი, დალაგდეს და შემდეგ იბრძოლე შენი უფლებებისთვის. ესენი არ არიან საქართველოს საქმის გამკეთებლები, ისინი არიან დაკვეთის შემსრულებელი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის თქმით, საქართველოში დღევანდელი ოპოზიცია მხოლოდ გარე პატრონების დავალებებს ასრულებს.
„მუდმივად ვსაუბრობდი, მათი ლიდერი იმიტომ იყო სალომე ზურაბიშვილი, რომ გარედან დაავალეს. შემდეგ გარედან დაინახეს, რომ ეს ქალი კარგად ვერ ასრულებს დავალებას და ახლა ნიკა გვარამია იქნება მათი ლიდერიო. ყველაფერი გარედან ხდება. არც დამალა გვარამიამ, რომ შეთანხმება იყო გარე პარტნიორებთან. მთავარი საკითხია, რომ არ ვცდუნდეთ, არ მოვტყუვდეთ ამ დამოკიდებულებაში, ვიბრძოლოთ, როგორც აქამდე ვიბრძოდით. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, თუ ვიქნებით ფხიზლად, ფრთხილად და პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას გავაგრძელებთ“ , – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.