მიხეილ ყაველაშვილი - ნუ გაახსენებენ ადამიანებს, რას ჩადიოდნენ, რაც კი სისაძაგლე არსებობს, ყველაფერი იკადრა წინა ხელისუფლებამ და დააგვირგვინეს ციხის კადრებით, ამას ვერაფერი გადაფარავს
მიხეილ ყაველაშვილი - ნუ გაახსენებენ ადამიანებს, რას ჩადიოდნენ, რაც კი სისაძაგლე არსებობს, ყველაფერი იკადრა წინა ხელისუფლებამ და დააგვირგვინეს ციხის კადრებით, ამას ვერაფერი გადაფარავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერები ეუთო/ოდირის დასკვნის გადასაფარად და ქვეყანაში ვითარების დაძაბვის მიზნით გავრცელდა.

„დარწმუნებული ვარ, ახლაც ეძებენ სხვადასხვა თემას, რომ მსგავსი სახის შესაძლოა, ჩანაწერი, რაღაც სკანდალური ინფორმაცია დაუკავშირონ იმას, აი, როგორია მმართველი ძალა და მმართველ ძალასთან დაკავშირებული ადამიანები. არ მოერიდნენ და ახლა დაიწყეს ოჯახის წევრებზე გადასვლა.

რაც შეეხება ბერა ივანიშვილს, მე მგონი, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ძალიან მარტივად გაიგო, რაზეა საუბარი. ჩვენ ყველანი ხომ ბავშვობიდან მოვდივართ, ოჯახში ვიზრდებით, გვჭირდება ახსნა-განმარტება იმაზე, რომ დედის შეურაცხყოფისთვის შეიძლება, ვინმეს პასუხი მოვთხოვოთ და ეს ვინმეს სკანდალურად მიაჩნდეს. დაახლოებით 18 წელი ვიცხოვრე ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ადამიანს, ვინც შეურაცხყოფას გაგიტარებთ.

16 წლის მოზარდის, თინეიჯერის, 10 წლის წინანდელი ჩანაწერი დღეს, 2021 წელს ვრცელდება იმის გამო, რომ არჩევნების თემა გადაფარო. იმისთვის, რომ ხელმოცარული ხარ, ვერც ერთი მიზეზი ვერ ნახე, პარლამენტში არ შეხვიდე და ასეთ მიზეზებზე ხარ დამოკიდებული.

როცა პირველად დავუპირისპირდი „ნაციონალურ მოძრაობას“, იცით, რა საკითხებზე იყო? გუშინ ბერამ რომ ახსენა, 10-11 წლის გოგონებს უგზავნიდნენ პორნოგრაფიულ ფოტოებს, მაშინდელი მმართველი ძალა ასეთი სახის შეურაცხყოფას კადრულობდა. ამაზე არ ხდებოდა აღშფოთება, ეს არის ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი. ნუ გაახსენებენ ადამიანებს, რას ჩადიოდნენ, ტელეკამერებით საცვლების ამარა მეუღლესთან ერთად დაჭერები რომ დაიწყეს და შოუებს დგამდნენ. გირგვლიანის თემა ვახსენე, ღამის სამ საათზე გადაფორმებები, უამრავი, რაც კი სისაძაგლე და საზიზღრობა არსებობს, ყველაფერი იკადრა ამ ხალხმა და დააგვირგვინეს ციხის კადრებით, რომელიც აჩვენეს. ეს უნდა იცოდეთ, ამას ვერაფერი გადაფარავს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, იმ ადამიანების პოლიტიკური ხელმძღვანელობით კეთდებოდა უამრავი ცუდი საქმე, რომლებიც დღეს სამართლიანობაზე საუბრობენ.

„ვერ დავასახელებ იმ ადამიანის გვარს. ერთ-ერთი კანდიდატი იყო ერთ-ერთი ფედერაციის. ისე სცემეს, საავადმყოფოში მოხვდა. ქვეყანა რომ დაეტოვებინა, იცით, რა გაუგზავნეს? თავისი სამი წლის ძმის შვილის ვიდეო, როგორ მოძრაობს ეს ბავშვი, და პირდაპირი მუქარა იყო, რა დაემართება შენს ძმიშვილს, შენ არ გეცოდინებაო, ასეთ რაღაცას კადრულობდა ეს ხალხი.

იცით, ვინ ხელმძღვანელობდნენ ამას, ვინ იყვნენ პოლიტიკური ხელმძღვანელები? ესენი იყვნენ, დაწყებული სააკაშვილიდან, დამთავრებული გიგა ბოკერიამდე და გიგი უგულავამდე, დღეს რომ სამართალს და მორალს გვიკითხავენ. ამაზე უნდა აღშფოთდეთ. დამისახელეთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთი მსგავსი სახის დაზარალებული, ნაცემი, ნაწამები ან მსგავსი სახის გაგზავნილი მესიჯი.

ბატონმა ნოდარ მელაძემ რომ დიდი სკანდალით წარმოგვიჩინა დღეს ეს თემა, რას ემსახურებოდა, რა დავინახეთ და რისი გაგება გინდოდათ, დაზარალებული ჰყავს? ამ ფაქტს დაზარალებული არ ჰყავს. თავად ადამიანმა მოყვა, ახსნა, რაზე იყო საუბრი. მე თუ მკითხავთ, ჩემთვის ორჯერ ორი ოთხია, რის გამო აჩვენეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.