მიხეილ ყაველაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში არეულობა უნდა, პარლამენტის სხდომა ჩატარდება სამშაბათს და იქ გააკეთონ განცხადებები
მიხეილ ყაველაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში არეულობა უნდა, პარლამენტის სხდომა ჩატარდება სამშაბათს და იქ გააკეთონ განცხადებები

სამწუხაროა, რომ გუშინ, ვიდრე კოორდინაციასა და ერთიანობაზე ისაუბრებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა პირდაპირ განაცხადა და გააიგივა ერთმანეთთან – პუტინის დამარცხება და საქართველოში ხელისუფლების დამარცხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„როგორ წარმოგიდგენიათ ამ მავნებლურ ძალასთან კონსოლიდაცია? როგორ შეიძლება, საკუთარ ხელისუფლებას რუსული ხელისუფლება უწოდო? ალბათ, უნდა, ერთსა და იმავე მეთოდებით ებრძოლოს პუტინს და ასევე საქართველოს ხელისუფლებას. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან ასოცირებულ პარტიებს მინდა შევახსენო, რეზოლუციის მეხუთე პუნქტში პირდაპირ არის დადანაშაულებული ქართველი სამხედროები 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებასა და კასეტური ბომბების გამოყენებაში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ამ რეზოლუციას ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ესენი არიან მავნებლები. რა უნდათ? ვითარება არიონ საქართველოში? და რის გამო? – როგორც იქნა, გონიერი ხელისუფლება ჰყავს საქართველოს და დამშვიდებული არიან შეძლებისდაგვარად ჩვენი მოქალაქეები. მსოფლიოში არც ერთი ნორმალური ადამიანი არ არსებობს, რომელიც სოლიდარულად არ იყოს განწყობილი უკრაინელების მიმართ. ამ ყველაფერს ყველა განვიცდით. ნუ დაგვავიწდება, რომ ჩვენი სახელმწიფოა პირველი ინტერესი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მხარდაჭერა უცხადებს უკრაინას.

„რა გინდათ, ყველანაირად ჩართულები ვართ, მხარდაჭერასაც ვუცხადებთ უკრაინას და სიტუაციის არევა რატომ უნდათ? რისი თქმა უნდათ, საქართველოს ხელისუფლებაა პრორუსი და დაიწყოს აქციები და გამოსვლები? ვის უნდა საქართველოში არეულობა უნდა? – ეს არის ერთადერთი ძალა. არეულობა ხომ იცით, ვის ურჩევნია? სხდომა ჩატარდება სამშაბათს და გამოვიდნენ, განცხადებები გააკეთონ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.