მიხეილ ყაველაშვილი მომხრეა, რომ რეგლამენტში პარლამენტის მდებარეობად ქუთაისი აღარ იყოს მითითებული და სხდომები თბილისშიც ჩატარდეს
მიხეილ ყაველაშვილი მომხრეა, რომ რეგლამენტში პარლამენტის მდებარეობად ქუთაისი აღარ იყოს მითითებული და სხდომები თბილისშიც ჩატარდეს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი წინადადებით გამოდის, რომ რეგლამენტის პროექტში საკანონმდებლო ორგანოს მდებარეობად ქუთაისი აღარ იყოს მითითებული.

როგორც ჟურნალისტებს ყაველაშვილმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი არ იქნება მითითებული, იმის შესაძლებლობა იქნება, რომ სასესიო ფორმატში სხდომები ქუთაისში ჩატარდეს, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში – თბილისშიც.

„რეგლამენტში თბილისის სასახლე ნახსენები საერთოდ არ არის, სადაც შეხვედრებს ვმართავთ და მუშაობა გვიწევს. უმჯობესია, სახელწოდება არ ჩაიწეროს და შესაბამისად, ორივე სასახლე გამოვიყენოთ. შეგვიძლია, ამ საკითხზე უმრავლესობის ფორმატში ვიმსჯელოთ და საკითხი დადებითად გადავწყვიტოთ. ანუ, ჩანაწერი არ იყოს და თბილისის შენობაც გამოვიყენოთ. ეს იმას გულისხმობს, რომ შესაძლებლობა გვექნება, სასესიო ფორმატში სხდომები ქუთაისში ჩავატაროთ, გამონაკლის შემთხვევაში – თბილისშიც”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

პარლამენტი რეგლამენტის პროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობს, რომელიც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მოამზადა.