ფიზიკურად გვებრძოდნენ. „გამჭვირვალობის კანონის“ ინიცირებამდე გვქონდა შეტყობინება აშშ-ის საელჩოდან, რომ არაფრის დიდებით არ მოვახდინოთ პროექტის ინიცირება, რადგან ამ კანონს დაარქმევდნენ რუსულს, დაიწყებდნენ აქციებს. პირდაპირ გახდა ჩემთვის ნათელი, რამდენი ორგანიზაციაა დამოკიდებული ასეთ ძალებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, კანონის მიღების შედეგები სახეზეა, რომ საზოგადოება უკვე საკმაოდ ინფორმირებულია.
„პირველ დღეებში, როცა ეს ნაბიჯი გადავდგით, ჩვენს მომხრეებშიც იყო გაუგებრობა, რატომ ვიღებთ „გამჭვირვალობის კანონს“ და რა საჭიროა ეს ვნებათაღელვა. ჩვენ ხომ გვქონდა ურთიერთობა ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, ფონდების ხელმძღვანელებთან და, უბრალოდ, როგორც პარტნიორები, მეგობრები ვთხოვდით, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ჩადიან, პასუხისმგებლობა თქვენზეა და იქნებ გავარკვიოთ, რა ხდება? გახსოვთ მათი პასუხი – რეაგირება ნული. აღარ მოვყვები მოვლენებს, მაგრამ საკმაოდ რთული დღეები გადაიტანა მაშინ ჩვენმა ქვეყანამ, დედაქალაქმა, თითოეულმა ჩვენგანმა. ვიცოდით, რას ვაკეთებდით, რას ვიცავდით. პარლამენტში ბევრი ჩემი კოლეგა პანიკაში, შეშინებული იყო, მაგრამ დაინახეს ჩვენი ბრძოლის პრინციპულობა, სამართლიანობა. ჩვენი გავიტანეთ ბოლომდე. ეს არის ტესტი. ხვალ, ზეგ, რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რის გამო ხდებოდა პროტესტი საქართველოში, ამხელა ვნებათაღელვა, გამჭვირვალობაზე იყო საუბარი. წარმოგიდგენიათ, ადამიანები თავს უფლებას აძლევდნენ, იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და კანონის ინიცირებას, გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებიან. ყველაფერი იკადრეს, რაც არაადამიანურია და საზოგადოებას თავიანთი სახე დაანახეს. ეს იყო ერთ-ერთი გამოცდა ჩვენი ქვეყნის, უფრო ძლიერები გავხდით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის თქმით, საზოგადოებას თუ მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის მხარეს და ამის გამოძახილია, რომ დღეს ვეღარავინ ვეღარ ბედავს ამის გაპროტესტებას.
„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ნაბიჯი თამამად გადადგა. შემდეგ მოგვიწია რაღაც ეტაპზე უკან დახევა, ისევ ჩვენი მოქალაქეების გამო, რადგან იქ იყო ბევრი ინფორმაცია მსხვერპლზე ოპოზიციის მხრიდან. იძულებული ვიყავით, რაღაცები სხვანაირად გაგვეკეთებინა, მაგრამ დავინახეთ მთლიანად სურათი, ეს ხალხი ვისზე და რაზეა დამოკიდებული. მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლისა და სამშობლოს მხარეს. ასეც მოხდა და ეს არის იმის გამოძახილი, რომ დღეს ვეღარავინ ვეღარ ბედავს ამის გაპროტესტებას. იმაზე უფრო მკაცრი კანონი მიიღო პარლამენტმა. ხომ მარტივი იყო შეფასებისთვის, ეს ადამიანები ვისზე იყვნენ დამოკიდებულნი. ისინი არიან მძევლები ამ ძალის, მაგრამ სახელმწიფო ვერ დაელოდება მათ გამოსწორებას და შეგნებას. ვისაც აქვს სურვილი, გულწრფელია და უყვარს თავის სამშობლო, ამაზე ანალიზს გააკეთებს, სხვანაირად შეხედავს და დაიწყებს ცხოვრებას. ეს არ გულისხმობს, გინდა თუ არა, ხელისუფლება შეიყვარე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდი, მაგრამ მოგატყუეს, გაგიყვანეს გარეთ, გქონდა აგრესია შენი ხელისუფლების მიმართ და ეს ყველაფერი იყო სიცრუე. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ვაკეთებთ არჩევანს, თუ ამას შენ თვითონ ვერ გაბედავ, სახელმწიფო ვერ დაგელოდება. სახელმწიფოს თავის როლი აქვს, თავისი გზა აქვს. ვიმეორებ, ჩვენ გამოცდილება შევიძინეთ, გავძლიერდით და დღეს უკვე დღის წესრიგში სხვა საკითხები დგას, რომელსაც ეს ადამიანები ვერც მისდევენ, ვერც აცნობიერებენ, ვერც ანალიზს აკეთებენ. ისევ „რუსულ კანონში“ არიან ჩარჩენილი. დღეს გამოწვევები სხვა აქვს ხელისუფლებას და საზოგადოებას. საბედნიეროდ, დაიწყო ამაზე უკვე მსჯელობა სხვადასხვა ტელევიზიაში“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა ასევე ისაუბრა საზოგადოებაში პოლარიზაციასთან დაკავშირებით.
„ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის მიმართ სიყვარული, თანადგომა სრულიად უანგაროდ, ამავე დროს ჩვენს ერთ-ერთ დიდ ნაკლად მიმაჩნია, რომ ერთმანეთის გაწირვა შეგვიძლია ადვილად, დაუფიქრებლად. უნდა გამოვააშკარაოთ ყველა გამოწვევა და პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით, რა არის ხელოვნური, რა არის გარედან ინსპირირებული, რატომ არის ასეთი შეტევა ერეკლე მეორეზე, პატრიარქზე. ეს სულ ხელოვნურად დაგეგმილი პროცესებია, როგორ მოხდეს საზოგადოებაში ნიჰილიზმის შეტანა. უამრავი მაგალითი გვაქვს, ვაჟა-ფშაველა გვყავს, მისი პოემები და ნაწარმოებები ამის მაგალითია, ადამიანობის, ღირსების, ვაჟკაცობის, დაფასების, მოკლულის დედასთან ერთად ტირილის და ა.შ. ჩვენ ამ ღირებულებებზე გაზრდილი ქართველი ადამიანები ვართ. ლაშა ტალახაძეს, მსოფლიო მოვლენას, მთელი საქართველო ხელისგულზე რომ ვატარებთ, ვიღაც გარედან დაფინანსებული ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს. უნდა გავითავისოთ, საიდან მოდის, ვისგან არის ინსპირირებული და ვისი მეშვეობით ხდება ამდაგვარი ქმედებების დაგეგმვა. „გამჭვირვალობის კანონის“ ინიცირება როცა მოხდა, არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნილი საიტებით და სატელეფონო ზარებით აკლებული ჰყავდათ ჩვენი სპორტსმენები, არ აძინებდნენ, რომ ეთქვათ ერთი ფრაზა – „მე მინდა ევროპაში“, რომ ამით შემდეგ ესარგებლათ. გახსოვთ, ბუდუ ზივზივაძეზე რა დღეში იყვნენ. გახსოვთ, თორნიკე შენგელიაზე ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი რომ ამბობდა, დაგმეთ, გააგდეთ საქართველოს ნაკრებიდანო. ეს მოდის ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიიდან. პრემიერი ფიცო ვინ დაჭრა? ვის უნდოდა ფიცოს სიკვდილი? მწერალი ადამიანი იყო და ასეთ ადამიანებს ეძებენ. მქონდა ინფორმაცია, მოდი, 15-17-18 წლის ბავშვები გამოვიყვანოთო. იცით, ეს რას ემსახურებოდა? მსხვერპლი უნდა გამოწვეულიყო ბავშვებში და მოზარდებში. აი, ასეთი მზაკვრული გეგმები ჰქონდა ზოგიერთს. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობამ, შეიძლება, არც იცის, რას და როგორ გეგმავენ. ტელევიზიებში დებატები დაიწყო, აბულინგებდნენ იმ ადამიანებს, ვინც გაბედავდა მისვლას. ამას ეძახიან თავისუფლებას. ასეთების შეხედულებებს ნამდვილად ვერ გადაჰყვება ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
