მიხეილ ყაველაშვილი - მე ვერ განვახორციელებ შეწყალებას, მეორე მხარეს გათავისებული თუ არ აქვს, რომ მე ის უნდა შევიწყალო, ეს პროცესი არის მთავარი განმაპირობებელი
მიხეილ ყაველაშვილი - მე ვერ განვახორციელებ შეწყალებას, მეორე მხარეს გათავისებული თუ არ აქვს, რომ მე ის უნდა შევიწყალო, ეს პროცესი არის მთავარი განმაპირობებელი

მე ვერ განვახორციელებ შეწყალებას, მეორე მხარეს გათავისებული თუ არ აქვს, რომ მე ის უნდა შევიწყალო; ეს პროცესი არის მთავარი განმაპირობებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

პრეზიდენტმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, რა მიდგომით ხელმძღვანელობს, როდესაც შეწყალების უფლების გამოყენებას ეხება საქმე და ხომ არ აპირებს დისკრეციული უფლების გამოყენებას აქციებზე დაკავებულებთან მიმართებაში?

„თავისთავად, შეწყალება ჰუმანური აქტია და პირველივე დღიდან ძალიან მკაცრი მოთხოვნები დავაყენე, რადგან თავად უნდა გრძნობდე ადამიანი, როცა შენს გადაწყვეტილებაზეა ეს დამოკიდებული, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ხინჯი არ იყოს. ბევრი სპეკულაციაა, ბევრი მსურველია. არის კრიტერიუმები, რომლებსაც მკაცრად მივყვებით და, პირველ რიგში, ეს უწყებები, აუცილებელია, რომ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ყველა უწყების პასუხისმგებლობა მჭირდება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის პოზიციები საქმეში თუ არსებობს. შეწყალების უფლება კი გაქვს, მაგრამ ვერ მისცემ შენს თავს უფლებას, რომ ამა თუ იმ საკითხში თუ არსებობს დამნაშავე, მას ჰყავს დაზარებული და შენ აქტს აკეთებ და დამნაშავეს უშვებ, ესე იგი, არ ხარ მართალი, არასწორი ხარ და ეს შეუძლებელია.

ძალიან მკაცრად მაქვს ეს საკითხი დაყენებული. ეს უწყებები ამ პროცესებს ერთად გადიან და შემდეგ ხდება შეჯერება, პასუხისმგებლობის გადანაწილება, რომ ყველა ვთანხმდებით ამა თუ იმ ადამიანზე, რომ ეს ადამიანი არ იქნება საშიში და მივცეთ შესაძლებლობა, თავისუფლება იხილოს, მაშინ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი სიამოვნებაა, რომ ადამიანს ასეთ შესაძლებლობას აძლევ. ეს მუდამ ასე იყო, მაგრამ რასაც ამ ახალგაზრდებთან მიმართებაში მეკითხებით – ამის გააზრება თუ არ მოხდება, რომ დანაშაული თუ ჩავიდინე, დამნაშავე ვარ და ვაგებ პასუხს. მეორე თემაა, ისეთი იდეებით თუ ვარ შეპყრობილი, ბოლშევიკები, დეკაბრისტები პირდაპირ რომ მიდიოდნენ და ეწირებოდნენ, ციხეშიც მიდიოდნენ და არც შეწყალებას ითხოვდნენ, დიახაც, იმიტომ ჩავდივარ ამ დანაშაულს, იმიტომ განვახორციელე ეს აქტი, ეს ხელისუფლება ჩემთვის მიუღებელია და მტერია. ორი მხარე უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ შეწყალების აქტი შედგეს. მე ვერ განვახორციელებ შეწყალებას, მეორე მხარეს გათავისებული თუ არ აქვს, რომ მე ის უნდა შევიწყალო; ეს პროცესი არის მთავარი განმაპირობებელი. ეს თუ მოხდება და ეს გააზრება შედგება, რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება, მოხდეს შემდეგ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.