მიხეილ ყაველაშვილი - ხელისუფლება და ხალხი დღეს ძლიერია, სუსტი ხელისუფლება რომ იყოს, პრეზიდენტის სასახლეშიც შემოვიდოდნენ
მიხეილ ყაველაშვილი - ხელისუფლება და ხალხი დღეს ძლიერია, სუსტი ხელისუფლება რომ იყოს, პრეზიდენტის სასახლეშიც შემოვიდოდნენ

ადამიანები, რომლებიც ინსტრუმენტები არიან, ნელ-ნელა შეიწოვებიან. ახლა მიდის გადათამაშებები, ზოგი იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ზოგი – არა და ყველა დამოუკიდებულია გარე ძალებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„გაიხსენეთ არჩევნები, ხალხთან არ მიდიან, ვერ მიდიან, რა უნდა უთხრან? დაკვეთა სხვა არის, ეტყვიან, წავლენ, ეტყვიან, მიიღეთ მონაწილეობა, მიიღებენ. პასუხისმგებელი ვისთან არიან? ჩადიან ბრიუსელში, ჩადიან ჯო უილსონთან, მასთან არიან პასუხისმგებელი და ეს ხალხი იქ მოძრაობს. მეცოდებიან ახალგაზრდები, რომლებიც გაწირეს. მიდიხარ, გაიძულებენ ძალადობას, მერე ციხეში გსვამენ და ამ ადამიანს პროტესტი რომ არ გაუჩნდეს მათ მიმართ, ნახეთ, რა დამოკიდებულებაა – ესეც ტექნოლოგიაა – ხელფასი უნდა გადაუხადო მშობელს, ოჯახს, აუცილებლად სოლიდარობა გამოუცხადო, რომ არ გამოვიდნენ იმ როლიდან, რა როლშიც შეიყვანეს. არ შეიძლება, მათი ამ როლიდან გამოსვლა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საინტერესოა, რატომ არ უჩნდებათ ამ ახალგაზრდებს კითხვები.

„კითხვა ხომ უნდა გაგიჩნდეს, როცა ევროპის ქვეყნები ვაჭრობენ რუსეთთან და შენ ამ მოტივით ეწინააღმდეგები ხელისუფლებას? მართლა საოცრება და პარადოქსია, რას აპროტესტებდნენ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უარი თქვა ევროკავშირზეო და რევოლუცია უნდა მოვახდინოთო. რაზე თქვა უარი? დღესვე მზად არის ხელისუფლება, რომ დავსხდეთ და განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი. ნორმალურად და ჯანსაღად თუ აზროვნებ, რა არის აქ მიუღებელი? მიუბრუნდი იმ შენს პატრონს და უთხარი, მზად არის ჩემი ხელისუფლება ამისთვის, მოდი, დაჯექით და დაილაპარაკეთ, მაგრამ სად არის ეს?“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ხელისუფლება და ხალხი დღეს ძლიერია.

„სუსტი ხელისუფლება რომ იყოს, აქ, პრეზიდენტის სასახლეშიც კარგად შემოვიდოდნენ. ეს დაგეგმილი იყო. აფარებული ჰყავდათ ეს საცოდავი ხელოვანი ადამიანი, ახლა ექიმზე აქვთ საუბარი. ნახეთ, ესეც როგორი ტექნოლოგიაა, უნდა გაგიჩნდეს ადამიანური გრძნობა. მანამდე, ადამიანი ძალადობდა, ანგრევდა ყველაფერს და ეს ძალადობაც როგორ აქვთ წარმოჩენილი, ხომ? ჯერ ერთი, როგორი მზაკვრული გეგმაა ერთმანეთის დაპირისპირების, განადგურების, უნდა გეზიზღებოდეს. არ შეიძლება, პოლიციელთან თანაგრძნობა გაგიჩნდეს, თუ შენ, ახალგაზრდას, ნეიტრალურ ადამიანს ეს თანაგრძნობა გაგიჩნდება აქციაზე, იქ ვეღარ წახვალ ძალადობაზე და ამიტომ უნდა გეზიზღებოდეს. ამიტომ არის ეს ტექსტები, რუსეთი, რუსული, ომონი, დიქტატორი. ბიძინა ივანიშვილზე რას აღარ ამბობენ, რადგან ეს ზიზღი თუ არ ექნებათ და ამ ზიზღში თუ არა აცხოვრეს, ისე ვერ იმოქმედებენ. ბიძინა ივანიშვილი თუ არ შეაზიზღეს, რომ ნახავს მის ქველმოქმედებებს, სიკეთეს, ხომ იკითხავს ადამიანი და რომ იკითხოს, ხომ აღარ გაუჩნდება ზიზღი? ელემენტარულად, შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდეს, მაგრამ ზიზღი არ ექნება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„თან, მეცინება, ჩემი წინამორბედი იყო მგონი, DEUTSHE WELLE-სთან და ასე, პირდაპირი მნიშვნელობით ატყუებს მთელ ევროპულ საზოგადოებას. ეკითხებიან, რამე ფაქტი არსებობს რუსეთთანო და არა, რა ფაქტიო, თვითონ ეს ხელისუფლება არის რუსულიო, აღარ სჭირდება რამე ურთიერთობა რუსეთს, ამით მართავს ქვეყანასო. გესმით, რა აბსურდამდე არიან მისული? გახსოვთ, არჩევნების შემდეგ რომ გამოვიდა, „ეფესბეს“ მიერ ჩატარებული არჩევნებიო, რომ მოვთხოვეთ პასუხი, ფაქტები დადე თქო, სად არის ფაქტები, მაგრამ ეს დავალებაა, ასე უნდა წარმოაჩინონ ეს ყველაფერი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.