მიხეილ ყაველაშვილი – გვჯეროდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიქმნებოდა პირობა, რომ ჩვენი ფეხბურთელი მაქსიმალურად კონცენტრირებული იქნებოდა მხოლოდ თამაშზე, დღეს ეს მიღწეულია
ცალკე აღებულ ფეხბურთის ფედერაციას, სახელმწიფოსა და ხელისუფლების გარეშე, რა თქმა უნდა, გაუჭირდება დიდ შედეგებზე საუბარი იმიტომ, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურა, დაფინანსება, ინვესტიციები, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები, ეს ყველაფერი შედის სახელმწიფოს ინტერესშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ქართული სპორტის წარმატების შესახებ მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟში განაცხადა.
„ერთ დონეზე ეთამაშო გერმანელსა და იტალიელს, ამას სჭირდება რესურსი და ეს რესურსი რომ არ მაქვს და შენ, გულშემატკივარი მთხოვ, წადი ახლა, იტალიას მოუგე. ჩივაძე „თელასში“ დარბოდა ყოველ ერთ საათში – შუქი აუნთე ბავშვებს, ცხელი წყალი არ აქვთ, იქნებ დაიბანონ. ეს გამოვიარეთ და რწმენით მოვედით. სულ გვჯეროდა, რომ ჩვენ დონეზე იქნებ როგორმე რაღაცებს მივაღწიოთ, არ დავკარგოთ ეს სული ქართველობის, ჩვენი ნაკრების, ჩვენი რწმენის, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიქმნება პირობა, რომ ჩვენს ფეხბურთელს არ ჰქონდეს პრეტენზია იმის, რომ ვინმე რამეს არ უსრულებს და მაქსიმალურად, 100 პროცენტით კონცენტრირებული იყოს მხოლოდ თამაშზე. დღეს ეს მიღწეულია“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოს აქვთ ერთობლივი ინტერესი, ხელი შეუწყონ სპორტის განვითარებას, რაც დაკავშირებულია თავისთავად ჯანსაღ ცხოვრებასთან.
„ფეხბურთის ფედერაციას ცალკე აღებული, სახელმწიფოსა და ხელისუფლების გარეშე, რა თქმა უნდა, გაუჭირდება დიდ შედეგებზე საუბარი, იმიტომ, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურა, დაფინანსება, ინვესტიციები, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები. ეს ყველაფერი შედის სახელმწიფოს ინტერესშიც, რომ იყოს თავისთავად ჯანსაღი ცხოვრება და ბევრი ბავშვი დაკავდეს სპორტით. კონკრეტულად ფეხბურთს, რომელსაც ასეთი რესურსი და შესაძლებლობები აქვს, სჭირდება სისტემური მიდგომა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.