მიხეილ ყაველაშვილი გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიას და პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა
მიხეილ ყაველაშვილი გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიას და პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას და თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა.

თავდაცვის ძალების მთავარსარდალს უმასპინძლეს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

მიხეილ ყაველაშვილს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა აკადემიის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნეს. პრეზიდენტმა უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული იუნკერების საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასადილო, ლაზარეთი, რეკრეაციული და სპორტული სივრცეები, ასევე მუზეუმი დაათვალიერა და სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.

მიხეილ ყაველაშვილი პირველ ქვეით ბრიგადასაც ესტუმრა, სადაც სამხედრო ქვედანაყოფის მიზნებს გაეცნო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

„სიმბოლურია, რომ პირველი ვიზიტი ჩვენს თავდაცვის ძალებში გვქონდა. გავეცანი მათ მიზნებს, ინფრასტრუქტურას, იუნკერების არსებულ რეალობას, საკმაოდ მაღალ დონეზეა ყველაფერი უზრუნველყოფილი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამხედრო წარმომადგენლები მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ იუნკერების სწავლებას. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მოტივაცია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. შესაძლებლობა მქონდა, რომ ამ ყველაფერს გავცნობოდი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.