მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განათლების სისტემა ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს

10:38, 15.09.2026

ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ყაველაშვილმა მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს განსაკუთრებული დღეა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და თითოეული ოჯახისთვის, რომელთა ყოველდღიურობაშიც განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

განათლების სისტემა, ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად, ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი თაობით, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემასთან ერთად აქვს ცოდნა, უნარები და ამბიცია, თავად შექმნას უკეთესი საქართველო, რომელიც ღირსეულად უპასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებს.

ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მასწავლებლებს – ადამიანებს, რომელთა პროფესიონალიზმი, ეროვნული სულისკვეთება და პასუხისმგებლობა ყოველი ახალი თაობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, – წერს ყაველაშვილი.

მსგავსი