მიხეილ ყაველაშვილი - „ევროპული საქართველო“ ყოველთვის რეალობას იყო აცდენილი, არჩევნებზე მიღებული დაბალი პროცენტის ანალიზის ჩატარების უნარსაც ვერ ფლობენ
მიხეილ ყაველაშვილი - „ევროპული საქართველო“ ყოველთვის რეალობას იყო აცდენილი, არჩევნებზე მიღებული დაბალი პროცენტის ანალიზის ჩატარების უნარსაც ვერ ფლობენ

„ევროპული საქართველო“ ყოველთვის რეალობას აცდენილი იყო და მათი ლიდერები ხალხის სახელით ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს, ხელისუფლებაში იყვნენ და ისევ უმრავლესობას ფლობდნენ. არჩევნებზე მიღებული დაბალი პროცენტის თაობაზე ანალიზის ჩატარების უნარსაც ვერ ფლობენ და ეს იყო კარგად დასანახი, რამაც შედეგი მოიტანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ევროპული საქართველოს“ შესაძლო დაშლაზე საუბრისას განაცხადა.

„ხშირად საუბრობდნენ საზოგადოებაში, მედიასაშუალებებში და თითქოს ყველაზე მეტად წარმოჩენილები იყვნენ, მაგრამ მათ ხალხში მხარდაჭერა არ ჰქონდათ და საზოგადოების მაჯისცემას ვერ ფლობდნენ. ეს იყო მათი პრობლემა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართვლოს“ ლიდერები გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამან გამოიწვია გიგა ბოკერიასთან მათი დაპირისპირება, რის გამოც შესაძლოა, დავით ბაქრაძემ პარტია დატოვოს. გიგი უგულავა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, შეხვდა თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.

თავად დავით ბაქრაძე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება პარტიასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც.