მიხეილ ყაველაშვილი - ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე, ძიუდოს ფედერაციის მიმართ ბრალდებებსა და თანხებზე საუბარი არ მსმენია, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო
მიხეილ ყაველაშვილი - ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე, ძიუდოს ფედერაციის მიმართ ბრალდებებსა და თანხებზე საუბარი არ მსმენია, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო

ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე, ძიუდოს ფედერაციის მიმართ ბრალდებებსა და თანხებზე საუბარი არ მსმენია და ეს ჩემთვის და ყველა გულშემატკივრისთვის მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„როცა ბრალდებები წამოვიდა, პარლამენტის კომიტეტი, სპორტის სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი შევიკრიბეთ და მოკვლევა დავიწყეთ, თუ რა მდგომარეობაა და ეს ყველაფერი რატომ მოხდა. ამაზე დღემდე ვმსჯელობთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, კომიტეტის მთავარი მიზანი ინსტიტუციების დაცვაა და მისთვის აქამდე ცნობილი მიზეზები იმის განცხადების საფუძველს ნამდვილად არ აძლევს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს.

„პრინციპში, ეს ჩვენი მოვალეობა არც არის. ძიუდოს ფედერაცია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ის არჩევითი ორგანოა და მას დელეგატები და წევრები ჰყავს, რომლებიც პრეზიდენტს ირჩევენ. არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმაცია ოთხი წელი აქვს, არსებობს მისი სამუშაო გრაფიკი და ა.შ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, გასული წლის ნოემბერში კომიტეტის სხდომაზე დავით ქევხიშვილის ხელმძღვანელობით, ძიუდოს ფედერაციამ საკმაოდ დეტალური ანგარიში გააკეთა, რომელიც ძალიან საფუძვლიანი და შთამბეჭდავი იყო.

„მე არა ერთხელ განვაცხადე, რომ ძიუდოს ფედერაცია სამაგალითო იყო და როცა ანალოგიური მოსმენა სხვა ფედერაციებთან გვქონდა, მაგალითისთვის ყოველთვის ვახსენებდით, რომ ძიუდოს ფედერაცია ერთ-ერთი სამაგალითოა, თუ როგორ უნდა იმუშაონ ფედერაციებმა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.