მიხეილ ყაველაშვილი - ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრება აუცილებლად მოხდება, კომიტეტი სწორედ ამ გზას ადგას
მიხეილ ყაველაშვილი - ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრება აუცილებლად მოხდება, კომიტეტი სწორედ ამ გზას ადგას

დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრება აუცილებელია, კომიტეტი სწორედ ამ გზას ადგას და ეს აუცილებლად მოხდება, – განაცხადა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ჩვენი მიზანია, ვნებათაღელვა ჩაცხრეს. ამა თუ იმ საკითხზე ჩვენი განაწყენებული ძიუდოისტების გულისტკივილი დღესაც მოვისმინე. დავით ქევხიშვილი აცხადებს, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი აქვს და ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხები კომისიის ფორმატში, კონსტრუქციულ რეჟიმში უფრო დეტალურად განვიხილოთ. პატივი ვცეთ ერთმანეთს, სახელმწიფოს, ჩვენს სამშობლოს და დავიცვათ ჩვენი ვალდებულებები, ეს არის ჩემი მკაფიო გზავნილი ყველას მისამართით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის დღეს ყრილობას ესწრებოდა, სადაც აღელვებული სპორტსმენები მოვიდნენ, რომლებმაც კითხვები აბსოლუტურად დაპირისპირებულ რეჟიმში დასვეს.

„მე მათ ვთხოვე, ჩემთან ერთად დამსხდარიყვნენ და ეს კითხვები კონსტრუქციულ რეჟიმში წყნარად, მშვიდად დაესვათ. პასუხები მეც მაინტერესებდა და სპორტსმენებს ვთხოვე, დავით ქევხიშვილისთვის კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მიგვეცა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა მიღებული პრაქტიკა მწვრთნელების მიერ საპრემიო ფონდიდან მიღებული თანხის ნაწილის უკან, ფედერაციაში დაბრუნება, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მისთვის ძიუდოს ფედერაციის საქმიანობის დეტალებში შესვლა რთულია.