მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა

10:30, 06.07.2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ჩავიდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გლობალური დიალოგის მიზანს წარმოადგენს გაერო-ს წევრი ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ დისკუსია, პრაქტიკის გაზიარება და ღია ინკლუზიური საუბრების გამართვა ხელოვნური ინტელექტის თემაზე.

როგორც ცნობილია, დღესვე საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ კონფერენციაში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც საქართველოსთვის, ისე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებზე აქტიურად მუშაობენ.

„საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი დონის კონფერენციაში. ეს ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მმართველობის სისტემებში. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რეფორმებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებზე აქტიურად მუშაობენ“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მსგავსი