მიხეილ ყაველაშვილი - დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია ამნისტიასაც დაეთანხმება
მიხეილ ყაველაშვილი - დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია ამნისტიასაც დაეთანხმება

ნიკა მელია პირდაპირ ამბობდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ, თუმცა ის დაპატიმრებულიც იყო და ახლა გირაოს გადახდაც უწევს, – ამის შესახებ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში ნიკა მელიას რეიტინგის განადგურება იყო.

„პათოსი, რომელიც გამოთქმული იყო ევროკავშირის მხრიდან, რომ გადაგვეშალა 20 ივნისთან დაკავშირებული ფურცელი, ასევე შეეხებოდა ნიკა მელიას. პათოსი იყო, რომ შეთანხმების შემდეგ გადავსულიყავით ქმედით ნაბიჯებზე, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარება და მისი ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ ევროკავშირი ამ გირაოს გადაიხდიდა.

არ ვიცი ნიკა მელიას მრჩეველი ჰყავს, თუ უნდა, რომ გადაასწროს თავის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ცრუ დაპირებებით. გახსოვთ ხომ, როგორ დემონსტრაციულად მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს, პირდაპირ ამბობდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ. თუმცა ის დაპატიმრებულიც იყო და ახლა გირაოს გადახდაც უწევს.

ნიკა მელიას შეიძლება, უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერი გახდეს, თუმცა ნათელია, რას და რატომ აკეთებს. ეს ყველაფერი უკვე მოსაბეზრებელია. ჩემი რჩევა იქნება, როგორმე სხვანაირად დაფიქრდეს იმიტომ, რომ მისი რეიტინგი ასეთი ქმედებებით უფრო და უფრო ვარდება. შეიძლება, მათი ლიდერის ინტერესებში შედიოდეს, რომ ასე გააცამტვერა მისი რეიტინგი.

რაც შეეხება ამნისტიას, დეპუტატის თქმით, ნიკა მელია საბოლოო ჯამში ამასაც დაეთანხმება.

„ნიკა მელიამ მთელი საზოგადოების წინაშე განაცხადა, რომ ვერ დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა, თუმცა ორივე აქტი შესრულდა. ახლა მესამე არის ამნისტია, რაზეც ისევ ამბობს, რომ არ ეთანხმება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამასაც დაეთანხმება. რაში სჭირდება, ვის ეჯიბრება, საკუთარ სახელმწიფოს?! საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ეჯიბრება?!“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, ყაველაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ნიკა მელიამ გირაო თავად არ გადაიხადა, თუმცა ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა, მიუღებელია.

„ჩემთვის მიუღებელია ასეთი ნაბიჯი. მე მაგალითად, ასე მოვიქცეოდი, რომ თუ ვთანხმდები გირაოს, დიდ მადლობას გადავუხდიდი ევროკავშირს და ჩემი და ჩემი პარტიის შესაძლებლობით დავთანხმდებოდი. რატომ აკეთებს იმას, რომ თითქოს ამ გირაოს გადახდით პოლიტპატიმრად შეიძლება აღიარონ? ჩვენ ხომ არ ვართ პატარა ბავშვები, ყველა ყველაფერს ვხედავთ, რას ემსახურებოდა მისი ეს პროვოკაცია. ის ძალით წავიდა ციხეში, უნდოდა, პატიმარი გამხდარიყო.

ასე ამბობდა, ის იქნება მტერი, ვინც ჩემს გირაოს გადაიხდისო. ახლა გამოვეკიდოთ სიტყვებზე და ვუთხრათ, რომ ნიკა, შენი მტერია ევროკავშირი?

რადგან მოხდა შეთანხმება, რადგან ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლები შეწუხდნენ, აქ ხომ ამაზე უნდა გვქონდეს აქცენტი, ამ შეთანხმების რა იყო მიზანი – მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს, ჩვენ უნდა დავხუროთ ეს ფურცელი და გადავიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმში. დაიღალა საზოგადოება და უნდა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს ჩვენი ყოფა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.