მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლეებთან ერთად, კახეთს ესტუმრნენ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან და მის მეუღლესთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად, კახეთის რეგიონს ესტუმრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა, მეუღლეებთან ერთად, ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.
ოფიციალურ პირებს მეგზურობა ალავერდის მიტროპოლიტმა, აბბა დავით მახარაძემ გაუწია.
„საქართველოსა და სერბეთის მეგობარ ერებს შორის არსებული საერთო სულიერი და კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, ამ უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური სიწმინდის ერთობლივ დათვალიერებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
პრეზიდენტებმა ასევე მოინახულეს „ბადაგონის“ ღვინის საწარმო, სადაც მათ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო. სტუმარმასპინძლობისა და მტკიცე მეგობრობის ნიშნად, საწარმოში პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის სახელზე სიმბოლური ღვინის კასრი საზეიმოდ განთავსდა.
სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-სერბეთის პარტნიორობის გაღრმავებისა და ჩვენს ხალხებს შორის მრავალმხრივი კავშირების განმტკიცების გზაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.