მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ რომ გვეგონა, ახალგაზრდებს თავისუფლებას, პროგრესს ვუქმნიდით, დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი დაუნგრიეს, ჩვენი ვალია, როგორმე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსავალი ვიპოვოთ
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ რომ გვეგონა, ახალგაზრდებს თავისუფლებას, პროგრესს ვუქმნიდით, დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი დაუნგრიეს, ჩვენი ვალია, როგორმე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსავალი ვიპოვოთ

მამებისა და შვილების პოლემიკა არა მარტო ახლო წარსულში, არამედ მუდმივად იყო საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის ეთერში, მაკა ცინცაძესთან განაცხადა.

„მე 19 წლის ვიყავი, როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი და მამებისა და შვილების პოლემიკა არა მარტო ახლო წარსულში, არამედ მუდმივად იყო საქართველოში, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ვიცით ეს თემები. მიუხედავად კამათისა და დაძაბულობისა, შესაძლოა, თანატოლებს ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა მიუყენებიათ, მაგრამ უფროსების შეურაცხყოფის უფლება თავისთვის არასდროს არ მიგვიცია, ვერავინ გამახსენებს. გასაკვირია ჩვენი შვილების თაობისგან ასეთი შეურაცხმყოფელი ეპითეტების შემოტანა და მამის ასაკის ადამიანების ასე უაპელაციოდ გინება. თან გოგონებისგან, ბიჭებზე აღარ მაქვს საუბარი, გოგონებისთვის ეს მისაღები ფორმა რომ გახდა? რატომ ვყვები ამას? ჩვენც გავიარეთ ეს პროცესი და მაინც ვერ ავუარეთ გვერდი დაპირისპირებას და სამოქალაქო ომს, მაგრამ საქართველოში ზრდილობა, უფროსის ელემენტარული პატივისცემა როგორ არ უნდა იყოს? უფროსს დაუთმობდი და დაგითმობდა ყველა უფროსი, როცა საგნობრივი კამათი მიდის რაღაც საკითხზე, მისაღებიც არის და აუცილებელიც, მაგრამ შეურაცხყოფა და უზრდელურად მოქცევა? ვინც არ უნდა ყოფილიყო, ჩემი მტრის შვილიც რომ ყოფილიყო, ვაჟა-ფშაველას ქვეყანა ვართ. მტრის შვილიც რომ ყოფილიყო, გამორიცხული იყო, არ მიგეთითებინა, რას აკეთებო, რომ დაგენახა, ახალგაზრდა ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს უფროსს. ჩვენ ასე გავიზარდეთ და ამის არდათმობა გვინდა ჩვენ. ვინც არ უნდა იყოს, მოგწონს-არ მოგწონს, ეს ურთიერთობები და ეს საკითხი, რომელიც მე შესაძლებლობას მიჩენს, საჯაროდ გამოვიდე, ჩემი სიმართლე დავუმტკიცო პრემიერ-მინისტრს და ამის შესაძლებლობას არ ვიყენებ, თან ვამბობ, რომ თავისუფალი ადამიანი ვარ, არაფერში არ ჯდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდების მშობლები მისი თაობის ადამიანები არიან, იქ არიან მისი მეგობრების შვილებიც და მშობლები ცუდ ტენდენციას უნდა შეებრძოლონ.

„კითხვა ხომ უნდა დასვას მშობელმა, რომელიც ჩემი თაობის წარმომადგენელია? ჩემი მეგობრები არიან და ჩემი მეგობრების შვილები არიან. განცვიფრებული ვუყურებდი, გოგონები როგორ იგინებიან, სიმღერით როგორ აგინებენ. დარწმუნებული ვარ, უწესიერესი ადამიანები არიან, ჩემი მეგობრების მშობლები, მათი შვილები არიან. სახელებს და გვარებს როგორ დავასახელებ, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ გამოწვევაზე მაქვს საუბარი. ამას ჩვენ უნდა შევებრძოლოთ, ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს და ეს აუცილებელი თემაა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ახალგაზრდებში ზიზღი მიზანმიმართულად იდება“.

„უნდა გეზიზღებოდეს კობახიძე, არ შეიძლება, შენ მასთან დაჯდე რამე თემის განსხილველად, აი, ეს არის. როცა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ხარ და ჭეშმარიტების დადგენა გინდა, ხომ შეიძლება, დაუშვა საუბარი? სადაც მარტო მე ვარ მართალი, იქ ხომ შეუძლებელი და გამორიცხულია რამე სახის დისკუსია? ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ როცა შენ ამას დაუშვებ, ესე იგი, შეიძლება, შენში გაჩნდეს რაღაც განსხვავებული შეხედულება და აი, ამის საშუალებას არ მოგცემენ, რომ განსხვავებული შეხედულება გაგიჩნდეს. შენ უნდა გეზიზღებოდეს. თუ არ გეზიზღება, მაშინ არ წახვალ ციხეში, არ ისვრი და არ განახორციელებ ძალადობრივ აქტს. ის უნდა გეზიზღებოდეს, თორემ ზიზღი თუ არ არის, ვერ მიაღწევ შედეგს. ეს არის მათი ინსტრუმენტი. პრემიერ-მინისტრი ხელს გიწვდის, გეუბნება, მოდი, დაგველაპარაკეთ, იქნებ გეთანხმებით, იქნებ რაღაცაში მართალი ხარ შენ და მოდი, მითხარი, ამიხსენი საზოგადოების თვალწინ. ხომ არ ეუბნება, ჩავიკეტოთ ოთახში? ყველამ მოგვისმინოს, მთელმა საზოგადოებამო და ამის შანსს არ იყენებ. ვიღაცებმა გამოთქვეს სურვილი და მაშინვე ჩაჭრეს, რადგან მერე შეიძლება, გაჩნდეს სიმპატია კობახიძის მიმართ და სიმპატია თუ გაჩნდება, ამ რადიკალურ ნაწილს რა ვუყოთ, ხომ გვემსხვრევა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავარია, ადამიანებს შორის იყოს პატივისცემა.

„პირველი ხომ პატივისცემა და ურთიერთობაა, ვიდრე შენი შეხედულება და ჩემი შეხედულება? აი, ეს არის მთავარი. ჩვენ ასე გავიზარდეთ. რა ცოდნა უნდა მიეცათ ჩემი შვილისთვის, ესწავლა ჰარვარდში თუ, სადაც გინდათ, იქ, რომ დავინახო, უფროს ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს, მაშინ უნდა მოვკვდე. ესე იგი, ჩემი ბრალია, რომ ვერ გავზარდე ადამიანი, რომელმაც ელემენტარული ქცევის წესები არ იცის. რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ჩვენ რომ გვეგონა, ამ ბავშვებს ცოდნას, თავისუფლებას, პროგრესს ვუქმნიდით, დავინახეთ, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ არიან და ეს ყველაფერი დაუნგრიეს. ახლა ამის აღდგენაზე გვაქვს საუბარი და ამაზე უფრო დიდი მნიშვნელობის რამ არ არსებობს. მით უმეტეს, მცირე ხალხი ვართ. ეს აღდგენადია, რადგან ქართველს აქვს ეს და გამორიცხულია, სხვანაირი იყოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, მას ევროპაში ბევრი მეგობარი ჰყავს, ისინი ხაზს უსვამენ ოჯახურ ღირებულებებს, ამ ღირებულებებით ცხოვრობენ და შვილებს ასე ზრდიან.

„ამიტომ გვინდა ჩვენ ეს ევროპა. ეს ჩვეულებრივი რამ არის, ზრდილობა, ურთიერთობა, სალამი და ა.შ., ეს არ ეშლებათ. ეს ამათაც იციან, მაგრამ ამ ახალგაზრდებს ხომ ვერ ეტყვიან, ევროპაშიც ასეა და თქვენც ასე უნდა მოიქცეთო? ამიტომ არის ეს ზიზღის ელემენტი შემოტანილი. მტერი უნდა იყოს და უნდა გეზიზღებოდეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რადგან ორგანიზატორებმა 18 წლის ახალგაზრდებით ვერ მოახერხეს ცვლილებების შეტანა რადიკალიზაციაში, მზაკვრული გეგმა მოიფიქრეს და უფრო დაბალ ასაკზე გადავიდნენ.

„შოკირებული ვიყავი, როცა დავინახე, რომ სკოლებში შევიდნენ და სკოლის მოსწავლეების გამოყვანა დაიწყეს. მე მქონდა ეს ინფორმაცია, რომ 18 წლის ქვემოთ წავიდნენ. მათი დაზიანება უნდა მომხდარიყო, ამ ასაკის ადამიანის მსხვერპლის გამოწვევა უნდა მომხდარიყო. ქართველი ემოციურია და გახსოვთ, ამ დაპირისპირების ფონზე მშობლები რომ გამოვიდნენ, რას ჰქვია, ჩვენ შვილებს როგორ ექცევითო? როცა წინასწარ ვსაუბრობდი, წინასწარ ინფორმაციაზე, ამაზე მაქვს საუბარი, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით ხორციელდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ადამიანებს, რომლებსაც თითქოს თავისუფლებისთვის აბრძოლებენ, სწორედ მონობაზე მოაწერინეს ხელი.

„არც იცოდნენ და არც დღეს არ იციან ეს. დღეს უკვე შესული არიან პროცესში, ვეღარ გამოდიან და ზოგიერთები ვეღარც გამოვლენ, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი ვალია, როგორმე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსავალი ვიპოვოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.