მიხეილ ყაველაშვილი - არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს თუ ჰგონიათ, ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კოორდინირებულ მოქმედებას „ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობასთან“, მწარედ ცდებიან
მიხეილ ყაველაშვილი - არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს თუ ჰგონიათ, ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კოორდინირებულ მოქმედებას „ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობასთან“, მწარედ ცდებიან

არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს თუ ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ, კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონასთან, იგივე ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობასთან, ძალიან მწარედ ცდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მძაფრად და მწვავედ რეაგირებს ყველა მცდელობაზე, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენაა მიმართული.

„უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული „ცხელი თავების“ ბოლოდროინდელი განცხადებები არათუ სცდება ეთიკისა და მეგობრობის ფარგლებს, არამედ ძალიან საშიშ ტენდენციას იღებს და პირდაპირ აღვივებს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ხალხში ანტიუკრაინულ განწყობებს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერით დაწყებული, ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნით დამთავრებული, ჩვენ მოწინავეთა რიგებში ვართ. თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ, კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონასთან, იგივე ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობასთან, ძალიან მწარედ ცდებიან. უფრო მეტიც, ქართველი ხალხი ძალიან მძაფრად და მწვავედ რეაგირებს ყველა მცდელობაზე, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენაა მიმართული! დღეს კიდევ უფრო ცხადი ხდება, ვისი და რა კონკრეტული დავალებით შემოიპარა სააკაშვილი უკრაინიდან. მან იცოდა (რაც მან აღიარა კიდეც), რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა და თვითმმართველობის არჩევნების დროს ქვეყნის ასარევად და საქართველოს ომში ჩასათრევად ჩამოვიდა. ჩამოსვლა მან ვერ გაბედა გაცილებით მნიშვნელოვან, საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ახლა უკვე ის კონკრეტული მიზნით მოქმედებდა. გამომდინარე შექმნილი ამ სურათიდან, მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ცალკეული გარეწარი უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსის სამარცხვინო და ყოველი პატრიოტი ქართველისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებები არ მიიტანოს გულთან ახლოს და ისეთივე სიყვარულით მოეპყრას თითოეულ უკრაინელ დევნილს ჩვენს ქვეყანაში, როგორც აქამდე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მორიგი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა: „საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“.