მიხეილ ყაველაშვილი – ანწუხელიძისა და შინდისის ბიჭების გმირობის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლება დაუთბა რუსეთს, მაშინ არც ანწუხელიძე ახსოვდათ და არც შინდისის გმირები

14:05, 11.08.2026

ხოშტარია-ჯაფარიძე გამოდიოდნენ, რუსულ ფულს სუნი არა აქვსო და ჩვენ მივესალმებით რუსულ ინვესტიციებს და რუს ტურისტებს საქართველოშიო. დღეს ეს უტიფარი ხალხი საერთოდ გვიშლის საუბარს, პირდაპირ რუსოფობიით არიან დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არავის კარნახით მოქმედებას არ დაუშვებს.

„„ნაციონალურმა მოძრაობისთვის“ რუსეთი ოკუპანტი არ გამხდარა. რუსეთი გახდა მათთვის პარტნიორი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რომ საქართველოს ხმა სჭირდებოდათ, მათ მიიღეს ეს ხმა. რუსეთი გახდა მფლობელი ჩვენი სტრატეგიული ობიექტების, რომლებიც პირდაპირი წესით მიყიდეს. ხოშტარია, ჯაფარიძე გამოდიოდნენ, რუსულ ფულს სუნი არა აქვსო და ჩვენ მივესალმებით რუსულ ინვესტიციებს და რუს ტურისტებს საქართველოშიო. ორმაგ სტანდარტზე მაქვს საუბარი. ეს უტიფარი ხალხი, რომელიც დღეს საერთოდ გვიშლის საუბარს, პირდაპირ რუსოფობიით არიან დაკავებული, დაგვდევენ მიკროფონებით, რაიმე რომ წამოგვაცდევინონ, თითქოს  ჩვენ ვაღიარებთ და პარტნიორები ვართ რუსების.

სწორედ ანწუხელიძის გმირობის, ამ ბიჭების გმირობის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლება დაუთბა რუსეთს. რატომ დაუთბა, იცით? იმიტომ, რომ დავალება იყო რუსეთთან პოლიტიკის დათბობა. მაშინ არც ანწუხელიძე ახსოვდათ და არც შინდისის გმირები. პირდაპირ ეგებებოდნენ ამ ადამიანებს ეს უსირცხვილოები. როცა დაკვეთა მიიღეს, მაშინ გახდა რუსეთი პარტნიორი. შემდეგ დაკვეთა მიიღეს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აუცილებელი იყო აგრესია და აქ მეორე ფრონტის გახსნა. აქ არის ერთი „მაგრამ“, დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით მოქმედებას. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ აქ მიდის ბრძოლა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აგენტურის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც თავის ზრახვებს არ მალავს.

„მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, ამ პერსონასთან დაკავშირებით საქართველოს უმრავლესობა შეთანხმებულია. მისი ყოველი განაცხადი, ქმედება კარგად არის ყველასთვის დასანახი და კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვეულებრივი აგენტურის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც არც მალავს თავის ზრახვებს. დაავალეს, ჩაჯდა არაჟნების და ხაჭოს კონტეინერში და ისე გამოაგზავნეს საქართველოში; დაავალეს და განახორციელეს უგუნური ქმედება მაშინ, აგვისტოს დღეებში; დაავალეს და უთხრეს, არა, რუსეთი არ შეიძლება ახლა იყოს ოკუპანტი და მტერი, ის უნდა იყოს ახლა თქვენი პარტნიორი, მიეცით საშუალება გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კულტურის სფეროს წარმომადგენლები კრემლში უმღეროდნენ რუსეთს.

„გაიხსენეთ ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის სიტყვები, 2012 წელს ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილი, არჩევნები წაეგო და წასულიყოო. როგორ შეიძლება, დღეს, 18 წლის შემდეგ ანწუხელიძის პლაკატებით დარბოდე და ომიდან ორი წლის თავზე ლარსზე იდექი რუსი ტურისტების დასახვედრად, რუსეთს მიყიდე სტრატეგიული ობიექტები, სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმე და ინვესტიციებს ითხოვდი. ეს ქალბატონები და ბატონები, კულტურის მუშაკები ომის შემდეგ იქ, კრემლში უმღეროდნენ რუსეთს. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ხალხს. უსამშობლოები, მე მგონი, ყველაზე კარგი ეპითეტია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

მსგავსი