მიხეილ ყაველაშვილი - 20 ივნისის ღამის მოვლენები თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, აქ მარტო გიორგი გახარია არ ყოფილა
მიხეილ ყაველაშვილი - 20 ივნისის ღამის მოვლენები თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, აქ მარტო გიორგი გახარია არ ყოფილა

20 ივნისის ღამის მოვლენები თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, აქ მარტო გიორგი გახარია არ ყოფილა, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

„არ შემიძლია, არ შევეხო 20 ივნისის თემას. ადამიანები სრულიად გულწრფელად იდგნენ ქუჩაში. მათი დიდი ნაწილი იყო ახალგაზრდობა. გამოვიდნენ გასაპროტესტებლად და შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები, მინდა ყველამ გავითავისოთ. თითქოს ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაზე გადის ეს მთელი პროცესი.

ჩემო მეგობრებო, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე გუნდში მინდა, მოგმართოთ, ესაა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. აქ მარტო გიორგი გახარია არ ყოფილა, აქ ვიყავით თითოეული ჩვენგანი და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობით მოხდა თითოეული ნაბიჯის გადადგმა. არ შეიძლება, რომ რომელიმე პიროვნება გამოვყოთ ამ ღამესთან დაკავშირებით. ეს იყო შტურმის მცდელობა. ვაკვირდებოდი და გადავრჩით ამ საშინელი ძალის რევანშისტული განწყობებისგან. ჩემი შვილების თაობა გამოხატავდა სრულიად გულწრფელ პროტესტს, თუმცა მაშინვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ის ძალა, რომელიც დომინირებდა, ამ ახალგაზრდებს ცდუნებაში ჩააგდებდა, ასეც მოხდა. არ ვიცი, რამდენ დღეს ითვლიან, დღეს ცხვრები მორეკეს. მანამდე ადამიანებს შეურაცხყოფდნენ, ახლა ცხოველებზე გადავიდნენ. მინდა იცოდეთ, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი ხელისუფლება. მინდა, ბატონ გიორგის ვუსურვო წარმატება“,- განაცხადა ყაველაშვილმა.