მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში, რომლის თემა იყო – „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“.
ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. ასევე, განიხილეს ჯანდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველყოფა, სისტემის ეფექტიანობის ზრდა და ჯანდაცვის სექტორში ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კერძო სადაზღვევო სექტორთან თანამშრომლობის საკითხსაც. მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორს შორის ეფექტიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სისტემის განვითარებისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი სწორედ პაციენტისთვის უკეთესი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ემსახურებოდეს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.