მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
„ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში – შესაძლებლობები და გამოწვევები“, – ჯანდაცვის მინისტრმა, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ რიგით მე-19 დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ჯანდაცვის სისტემაში სადაზღვევო კომპანიების პოტენციურ ინტეგრაციაზე, სადაზღვევო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს.
ასევე, საკუთარ გამოსვლაში უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, პაციენტის ინტერესების კიდევ უფრო უზრუნველყოფისთვის კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, DRG დაფინანსების მოდელსა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება დაეთმო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სტაციონარულ სამედიცინო სერვისებზე თანაგადახდის შესაძლებლობას.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს.
პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, „არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი მონაწილეობდნენ, რომლებმაც სადაზღვევო სექტორში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორსა და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიება ონლაინ მედიაპლატფორმა Business Insider Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.